34 წლის მალხაზ გიგუაშვილს, რომელსაც პატრულ-ინსპექტორის დაჭრას ედავებიან, ბრალი უკვე წარუდგინეს. მას 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომელს – პატრულ ინსპექტორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა.
ბრალდებულმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პოლიციელების მხრიდან დანაშაულის აღკვეთისა და დაზარალებულისთვის აღმოჩენილი დროული სამედიცინო დახმარების გამო”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
პროკურატურა სასამართლოსგან მოითხოვს, ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდოს. აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრისთვის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს, 7 ოქტომბერს ჩაინიშნება.
ინციდენტს, რომლის შემდეგაც პოლიციელი დაიჭრა, თავად ბრალდებული იღებდა. მას საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პირდაპირი ეთერი ჰქონდა ჩართული. ვიდეოში ჩანს, რომ გიგუაშვილი პოლიციამ შემოწმების მიზნით გააჩერა. შემოწმების პარალელურად, მას პატრულ-ინსპექტორებმა მას რამდენჯერმე სთხოვეს, მანქანის ძრავა ჩაექრო, თუმცა გიგუაშვილი მათ არ ემორჩილებოდა. რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ, ერთ-ერთმა პოლიციელმა მანქანის კარი გააღო და გიგუაშვილის ძალით გადმოყვანა სცადა.
“ეგ ძალადობა ბატონო, არ შეიძლება” – ისმის ვიდეოში გიგუაშვილის ხმა, შემდეგ კი აგრძელებს – “მე მაქვს უფლება, დავიცვა თავი”.
ამის შემდეგ, კამერა ტრიალდება და ისმის პოლიციელების შეძახილები – “დანა, დანა” – და კამერა ითიშება.
გიგუაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შსს-მ იცოდა, რომ ის მანქანით არაერთ დანას ატარებდა. ამავე ვიდეოებში ჩანს, რომ მას პატრულ-ინსპექტორებთან აქამდეც ჰქონდა რამდენიმე ინციდენტი – არ ემორჩილებოდა მათ მითითებებს. ბოლო რამდენიმე დღეში გიგუშვილმა რამდენჯერმე ჩართო ფეისბუქ-ლაივი, სადაც მისი და პოლიციელების კომუნიკაცია ჩანს.
ერთ-ერთ ვიდეო დაახლოებით 10 წუთს გრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში გიგუაშვილს თბილისის შემოსასვლელში, მაგისტრალზე მოსდევს საპატრულო პოლიციის მანქანა, საიდანაც პოლიციელები მოუწოდებენ გააჩეროს მანქანა. თუმცა, ის არ ემორჩილება.
“გვერდზე არ გადავალ, არა, ჩემს გზაზე მივდივარ და უნდა წავიდე. პრობლემა გაქ?” – უყვირის ის პოლიციელებს მანქანიდან.
ამავე ვიდეოში ის ასახელებს მიზეზს, რის გამოც აღარ ემორჩილება პოლიციას: “შემამოწმა, ყველაფერი წესრიგში მქონდა, ნასვამი არ ვიყავი, დანაზეც გაერკვიენ. რა უნდათ, რა? გაარკვიოს ბატონმა მამუკა მდინარაძემ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა”
