„სოფელი რომ გაძლიერდეს, ქვეყანაც გაძლიერდება. ეს აშინებს რუსეთს, მისი ხელდასხმული მთავრობაა საქართველოში და ამიტომაც მოგვიჭრეს გზა ევროპისკენ, მაგას რა მიხვედრა უნდა?“ – გვიყვება ქედაში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები ბაგრატ თავართქილაძე. ის ერთ-ერთია ასეულობით ადამიანს შორის, რომელმაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელში ბიზნესი წამოიწყო.
„ბათუმელები“ აჭარის რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რამდენიმე მცირე მეწარმეს ესაუბრა: როგორ შეუწყო ევროკავშირმა ხელი სოფლებში ადამიანების გაძლიერებას? რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა?
- ამილონა დეკანაძე: ევროკავშირის მხარდაჭერა რომ არა, გამიძნელდებოდა კი არა, საერთოდ ვერ მოვახერხებდი ბიზნესის კეთებას
„მიხარია, რომ მოტივაცია ასე მოემატათ ქალბატონებს – საკუთარი თავის რწმენა. რომ არა ევროკავშირის მხარდაჭერა, ვერ მექნებოდა ესთეტიკის ცენტრი,“ – ამბობს ამილონა დეკანაძე. მას ხულოს ცენტრში წლების წინ ესთეტიკის ცენტრი გაუხსნია. ამ ცენტრში სხვადასხვა აღჭურვილობასა, თუ ტექნიკაზე ევროკავშირის ლოგო დაგხვდებათ.
ამილონა დეკანაძე გვიყვება, რომ 2019 წელს მიიღო ევროკავშირისგან დაახლოებით 87 ათასი ლარი.
„პირველ რიგში, საკუთარი თავის გამო მომინდა ამ ცენტრის გახსნა. რთულია ხულოდან ბათუმში ჩასვლა ესთეტიკური მომსახურების მისაღებად. თანაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა გაიმეორო პროცედურები, ამ დროს შეიძლება დასაქმებული ხარ, ოჯახის პირობები,“ – იწყებს თხრობას ამილონა დეკანაძე იმის შესახებ, თუ როგორ წამოიწყო ბიზნესი ხულოში: „ჯერ სოფლებში წინასწარ გამოკითხვა ჩავატარე, მსგავსი მომსახურება რომ ყოფილიყო, თუ იქნებოდა მოთხოვნა. მითხრეს, რომ ყველა გაიხარებდა ამით, როგორც შეგვეძლება, ისე დაგიდგებით მხარშიო“.
ამილონა დეკანაძე იხსენებს, როგორ მომრავლდნენ მალევე ქალები სალონის კართან: „თავიდან, პატარა, ერთ ოთახში მარტო ვმუშაობდი. მხოლოდ ერთი აპარატი მქონდა. შემდეგ გამოჩნდა ევროკავშირი – გავძლიერდით, გავფართოვდით, სამი სხვადასხვა მომსახურების აპარატი შევიძინეთ, 8 ადამიანი დავასაქმე“.
ამილონა დეკანაძეს განსაკუთრებით ხანდაზმული ქალების გამოჩენა ახარებს, რომლებსაც მანამდე არასდროს უვლიათ სილამაზის სალონში:
„უფროსი თაობის მომხმარებლები გვყავს საკმაოდ ბევრი, ძალიან მოსწონთ ეს პროცედურები… ბევრს უთქვამს კიდეც, ნეტა, თავის დროზე ყოფილიყო ეს სალონები, ახალგაზრდები რომ ვიყავითო,“ – გვითხრა ამილონა დეკანაძემ.
ამილონა დეკანაძე მიიჩნევს, რომ გარეგნობაზე ზრუნვა თავდაჯერებულობას მატებს ქალებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატრიარქალური ტრადიციებით გამორჩეულ გარემოში. ამილონამ ცენტრის გახსნამდე იცოდა, რომ სილამაზის სალონში წასვლა ბევრისთვის მთლად მისაღები საქმე არ იყო. ესთეტიკის ცენტრის დამფუძნებელი ამბობს, რომ ახლა უკვე დღეში მინიმუმ 5-6 მსურველი მაინც ჰყავს. ამილონას ესთეტიკის ცენტრს შუახევიდანაც აკითხავენ ქალები.
„რვა ადამიანი, მათ შორის, მე დავრჩით ხულოში და არ მოგვიწია ქალაქში წასვლა სამსახურის საძებნელად…
სამწუხაროა, თუ მსგავსი პროექტები და მხარდაჭერა აღარ იქნება. არათუ მცირე ბიზნესს, არამედ დიდ ბიზნესსაც შეეშლება ხელი განვითარებისთვის. ე.წ. სტარტაპებისთვის მით უმეტეს ძნელია,“ – ამბობს ამილონა დეკანაძე.
ვისი ბრალია ევროინტეგრაციის შეჩერება და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? – ვეკითხეთ მცირე მეწარმეს.
„საკუთარი ოჯახებიდან უნდა დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის… მარტო მე კი არა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იბრძოლოს ქვეყნისთვის… მოქალაქეებმა უნდა ვაიძულოთ მთავრობა, გაკეთდეს ის, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის,“ – მოკლე, მაგრამ მკაფიო პასუხი აქვს ჩვენს შეკითხვაზე ამილონა დეკანაძეს.




