კაშია “ვიტესის” გადასარჩენად – საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავის ყოფილ კლუბს ფინანსურად დაეხმარა

საქართველოს ნაკრებისა და “სლოვანის” მცველი გურამ კაშია თავის ყოფილ კლუბ “ვიტესს” ფინანსურად დაეხმარა. ამის შესახებ არნემელთა დამრიგებელმა ჯონ ვან დე ბრომმა განაცხადა, რომელიც კლუბს შემდეგი სეზონიდან ჩაუდგება სათავეში.
“ვიტესს” მძიმე ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც ერედივიზიონში 18 ქულა დააკლეს და უმაღლესი ლიგიდან დაქვეითდა.
ვან დე ბრომმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ლიცენზიის გაუქმების თავიდან ასარიდებლად ფინანსური შემოწირულობები ესაჭიროებოდათ.
ახლა კი ირკვევა, რომ არნემელთა ყოფილი ფეხბურთელები გურამ კაშია, ლუის ოპენდა, მილოტ რაშიცა, ასევე სხვა მოთამაშეები თუ შტაბის წევრები გუნდს ფინანსურად დაეხმარნენ.
“შესანიშნავია იმის დანახვა, თუ რა ამბები მოჰყვა ჩვენი მწვრთნელის განცხადებას ლიცენზიის შესაძლო გაუქმებისა და ფინანსური დახმარების შესახებ.
სხვადასხვა ყოფილი მოთამაშეებისა და მხარდამჭერების ფინანსური შემოწირულობებით შეიქმნა ერთგვარი ფონდი. ამით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ნიდერლანდებში ყველას და ყველაფერს ვაჩვენებთ, რომ “ვიტესი” ცოცხალია”, – ამბობს არნემელთა გენერალური მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი ედვინ რეინტჯესი.
ინფორმაციისთვის, კაშია “ვიტესში” 2010/18-წლებში ასპარეზობდა და გუნდის კაპიტანიც გახლდათ. მან ნიდერლანდურ კლუბში ქვეყნის თასიც მოიგო. მასთან ერთად კლუბში გარკვეული პერიოდი ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურიაც ირიცხებოდნენ.