კაფეს [მზიურის] სტატუსი ექნება იგივე, შეუცვლელი – კახა კალაძე

თბილისის მერი აცხადებს, რომ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მდებარე კაფეს მომავალშიც იგივე სტატუსი ექნება, რაც აქამდე ჰქონდა – ამის შესახებ მან კაფე „მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და კაფე, კანონის შესაბამისად, აუქციონის წესით გასხვისდება.
„ამოიწურა ხელშეკრულების ვადა. კაფეს გასხვისება მოხდება იგივე, სოციალური სტატუსით. რა თქმა უნდა, იგივე პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა. რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ. რა თქმა უნდა, არ მინდა ეს თემა გახდეს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაფეს სტატუსი ექნება იგივე,
შეუცვლელი. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი, მსგავსი პროექტები განახორციელონ. ამიტომ, რომ არ იყოს რაიმე ჩემს ან მერიის წინააღმდეგ, გამოცხადდება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, “კაფე მზიურმა” გუშინ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 8 წლის თავზე ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.
მზიურის ხელმძღვანელობა ითხოვს, რომ კაფეს სოციალური სივრცის ფუნქცია შეუნარჩუნდეს.