“კროკუს სიტი ჰოლში” მომხდარ ტერისტულ თავდასხმას, ამ დროის მონაცემებით, 143 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა. ეს თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი იყო. ვლადიმირ პუტიმნა, რუს ხალხს, თავდასხმიდან 20 საათის შემდეგ მიმართა, დამნაშავეების უმკაცრესად დასჯის პირობა დადო და ტერაქტთან უკრაინის დაკავშირება სცადა.
ამ გზავნილს ასევე აქტიურად იმეორებს რუსული პროპაგანდა და უკრაინას ტერაქტის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა, მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, რუსი კოლეგები რამდენიმე კვირით ადრე გააფრთხილეს. ტერაქტის შემდეგ კი, სრულად გამორიცხეს მასში უკრაინის მონაწილეობა. თავდასხმასთან რაიმე კავშირს ასევე უარყოფს უკრაინა.
ამ ფონზე, რუსული საზოგადოების ნაწილს უჩნდება კითხვები, როგორც თავად ფაქტთან, ასევე მის შედეგებთან დაკავშირებით. გარი კასპაროვი ამბობს, რომ რუსეთის სპეც-სამსახურების მიმართ უამრავი კითხვაა და რომ ტერაქტით ყველაზე მეტად კრემლი სარგებლობს.
ტერაქტზე, უკრაინაში რუსეთის ომსა და მთავრობისადმი რუსული საზოგადოების დამოკიდებულებაზე, გარი კასპაროვს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
გარი, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან სასაუბროდ დრო გამონახეთ. როგორ აფასებთ კრემლის რეაგირებას მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე?
არ ვფიქრობ, რომ ვიცით რა მოხდა, რადგან კრემლი თითქმის ყოველთვის იტყუება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც მას ეჭვმიტანილად აქცევს. 25 წლის წინ, პუტინმა და მისმა ბანდამ რუსეთი ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებით დაიპყრო, რომელმაც ჩეჩნეთის მეორე ომი მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გარემოებები განსხვავებულად გამოიყურება, ამ ამბავში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უპასუხო კითხვაა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ ანგარიშში, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგინეს, ამბობენ, რომ ტერორისტებმა ცენტრში 30 წუთი გაატარეს და ეს ყველაფერი გააკეთეს – ხალხი დახოცეს და შემდეგ შენობას ცეცხლი წაუკიდეს. თუნდაც იმ კორუფციის გათვალისწინებით, რომელიც მშენებლობის დროს იყო, რაც უფრო მყარი ევროპული მასალის ნაცვლად, უხარისხო ხანძარსაწინააღმდეგო მასალის გამყენებასაც უკავშირდება, არავითარ შემთხვევაში არ იყო შესაძლებელი, რომ ხანძარი ერთ საათზე ნაკლებ დროში, რამდენიმე ცეცხლმოკიდებული სკამიდან, სახურავამდე ასულიყო. კრემლის მიერ წარმოდგენილ ვერსიაში არსებული მრავალი შეუსაბამობიდან ეს ერთ-ერთია.
უპირველესად ის უნდა დადგინდეს, თუ ვინ გააჩინა ხანძარი… რომელმაც იმაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე ტერორისტების ტყვიებმა.
ასევე მაქვს ეჭვები, დაპატიმრებული და ნაწამები ადამიანები, რეალურად არიან თუ არა მკვლელები. შეიძლება ვცდები, მაგრამ ისინი „რემბოებს“ არ გვანან, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოეხერხებინათ. ბევრი მიზეზია იმის სავარაუდოდ, რომ ამ თავდასხმის უკან KGB [უსადრთხოების სამსახური] დგას. დარბაზში გადაღებულ ბოლო ვიდეოებში ჩანს რამდენიმე მამაკაცი, რომლებსაც იდენტური ტანისამოსი ეცვათ – ჯინსები და ლურჯი ჯემპრები, რომლებიც ადვილად ამოსაცნობები იყვნენ. ისინი ბრბოში მშვიდად იდგნენ, პანიკის გარეშე აკონტროლებდნენ სიტუაციას და ხალხს მართავდნენ.
აქ უნდა დავსვათ მარტივი შეკითხვა, ვინ ისარგებლა ამ ტერაქტით? პასუხი არის – პუტინის რეჟიმმა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავად პუტინი ყოფილიყო ამაში ჩართული, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მისი გარემოცვა იყოს დაინტერესებული, მოსკოველების პატრიოტული გრძნობები გააღვივონ, რადგან მათ ახალი რეკრუტები სჭირდებათ…
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავდასხმამდე ორი დღით ადრე [თავდაცვის მინისტრმა სერგეი] შოიგუმ ახალ მობილიზაციაზე ისაუბრა და თავდასხმამდე ერთი დღით ადრე [კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი] პესკოვმა ომზე ისაუბრა. ეს რუსი მაღალჩინოსნის მხრიდან, პირველი შემთხვევა იყო, როცა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ნაცვლად სიტყვა „ომი“ გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, ვხედავთ თანმიმდევრულობას, მკაფიოდ გამოკვეთილ ინტერესს და ამასთან, დიდ სარგებელს საერთაშორისო დონეზე. უკრაინაზე არავინ საუბრობს. არავინ საუბრობს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის რეგულარულ თავდასხმებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე. რა თქმა უნდა, ახლა დასავლეთში პუტინის ლობისტებმა საუბარი დაიწყეს რუსეთთან ძალების გაერთიანებაზე, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფო იყო. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა სახის ისლამისტურ ტერორიზმს, რაღაც ფორმით კავშირი აქვს კგბ-სთან.
კრემლი ცდილობს, მაგრამ უჭირს თავდასხმა უკრაინას დააბრალოს. რას ფიქრობთ ამაზე?
უპირველეს ყოვლისა, სირთულეს, რომ ვიღაცას რაღაც დააბრალონ, ისინი არასოდეს შეუჩერებია. რუსული საზოგადოების საყურადღებოდ, მათ ეს უკრაინას უკვე დააბრალეს. მათ დანარჩენი სამყარო არ აინტერესებთ და ისინი გააგრძელებენ ამ ტყუილების გამეორებას. აქ საუბარია მყისიერ სარგებელზე – ერთი, რომ ამით გაძლიერდება შიდა მობილიზაცია და მეორე ის, რომ უკრაინაზე თავდასხმების მიმართ, თავისუფალ სამყაროში საზოგადოების ყურადღება გაიფანტება. არ მაქვს არანაირი სამართლებრივი მტკიცებულება, მაგრამ გვაქვს გამოცდილება, რომელიც ამბობს, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი იდეოლოგიური შეზღუდვა. მათ შეუძლიათ მოკლან საკუთარი მოქალაქეები თუ ჩათვლიან, რომ ეს მათ ინტერესებს ემსახურება. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, მთავარი ამბავი შეუსაბამობებია. უპირველესად ის უნდა დადგინდეს, თუ ვინ გააჩინა ხანძარი… რომელმაც იმაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე ტერორისტების ტყვიებმა.
თქვენ ამბობთ, რომ თავდასხმის შედეგებით მხოლოდ კრემლი სარგებლობს, მაგრამ ის, რაც თქვენ ახსენეთ, მოკლევადიან სარგებლად გამოიყურება. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ის გრძელვადიან პერსპექტივაში?
დანაშაული 25 წლის განმავლობაში… სისხლი… სისხლის ზღვა… ვის აინტერესებს კიდევ ერთი ტერორისტული აქტი? პუტინის მმართველობის მეოთხედი საუკუნის მთელი ისტორია სავსეა მკვლელობებით, სიკვდილით დასჯით, გენოციდით და ულევი დანაშაულით. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ამ ერთმა დანაშაულმა, ერთმა ტრაგედიამ, რომელიც რა თქმა უნდა, მასიურია ნებისმიერი სტანდარტით, რამე შეცვალოს. როცა უყურებ პუტინის სისხლიან ისტორიას, მის განავლობაში ეს მხოლოდ მცირე სეგმენტია იმ დაუსრულებელი დანაშაულებისა, რომელიც ხალხის წინააღმდეგ, როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ხდება.
რას ფიქრობთ უკრაინაზე გრძელვადიან შედეგებზე? თქვენი აზრით, როგორი იქნება ამ მოვლენების ლოგიკური განვითარება?
უკრაინას სისხლი სდის. მათ ეწურებათ საბრძოლო მასალა და თავისუფალი სამყარო ჯერ კიდევ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გაართვას ამას თავი. სამარცხვინოა, რომ უკრაინის მეგობრების კოალიცია, რომელიც რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის მთლიან შიდა პროდუქტზე 25-ჯერ მეტია, ვერ ახერხებს უკრაინას საკმარისი საბრძოლო მასალა მიაწოდოს. მე არც კი ვსაუბრობ მოწინავე იარაღზე, როგორიცაა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. მე ვსაუბრობ მხოლოდ საკმარისი ჭურვების მიწოდებაზე, ანტი-საჰაერო რაკეტების მიწოდებაზე, რომ მათ საკუთარი ქალაქები დაიცვან. თუ მალე მკვეთრი ცვლილებები არ მოხდება – უკრაინელები ძალიან მამაცები არიან და მზად არიან გაიღონ ყველანაირი მსხვერპლი – მაგრამ, ისინი სასწაულებს ვერ მოახდენენ. პუტინს სჯერა, რომ ის ომში იმარჯვებს და რუსების უმრავლესობა ამ აზრს იზიარებს, რადგან ტელევიზიით აჩვენებენ რა ხდება ფრონტის ხაზზე.
თუ პუტინი თავის გეგმებს განაგრძობს მობილიზაციით და ამ ეგრეთ წოდებულ „სპეცოპერაციას“ სრულმასშტაბიან ომად გადააქცევს, რასაც მოჰყვება ყველა რუსის მობილიზაცია, მათ შორის, დიდი ქალაქებიდანაც – მალე უკრაინაში ფრონტზე კიდევ ნახევარი მილიონი რუსი გაჩნდება. ამის შემდეგ კი არ მგონია, ხარკივი ისევ იდგეს, ოდესა ისევ იდგეს. პუტინს საიდუმლო გეგმები არ აქვს. უკრაინა უნდა განადგურდეს – ამას გარი კასპაროვი კი არ ამბობს, ეს არის ვლადიმირ პუტინის, მისი ხელისუფლების და პუტინის პროპაგანდისტული მანქანის სიტყვები. ისინი ამბობენ, რომ უკრაინელი ერი არ არსებობს, რომ ეს არის ერთი მთლიანი რუსეთი. პუტინი გააგრძელებს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დანგრევის, ერის განადგურების გეგმას და მსოფლიოსთვის შეტყობინების გაგზავნას, რომ ის არის მთავარი და რომ ამერიკას ან სხვა ლიდერებს, არშეუძლიათ მათი დაცვა, ვინც ტირანიასთან ბრძოლას ცდილობს.
ცოტა ხნის წინ ვნახე თქვენი “ტვიტი”, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სევასტოპოლში უკრაინის დროშა იფრიალებს. როგორ ფიქრობთ, ეს გზავნილი მიდის ადრესატებამდე?
გააჩნია რაზე ვლაპარაკობთ. ვფიქრობ, ხალხს ესმის გზავნილი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პასუხისმგებელი პირები პანიკაში არიან, როცა უკრაინის გამარჯვებაზე და პუტინის დამარცხებაზე, რეჟიმის ჩამოშლაზე იწყება საუბარი. ვაშინგტონში რეჟიმის შეცვლაზე საუბარი აკრძალულია, ევროპელები ამას არ კრძალავენ, მაგრამ მათ არ სურთ ამის მოსმენა გარდა პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, სადაც საუბრობენ პუტინის რეჟიმის ჩამოშლის აუცილებლობაზე. მაგრამ, ზოგადად, თავისუფალი სამყაროს ლიდერები არ არიან მზად თქვან სამი მარტივი სიტყვა – „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“. ჩვენ ჯერ კიდევ ამ ბუნდოვანების გავლენის ქვეშ ვართ.
თქვენს ინიციატივააზე გვითხარით, რომელიც ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგე რუსების დახმარებას მოიაზრებს. რა მექანიზმზე ფიქრობთ ამ ადამიანების მხარდასაჭერად და დასახმარებლად?
მე ვიყენებ სიტყვებს „რუსული ტაივანი“. ეს სანახევროდ ერთგვარი ხუმრობაა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, განსაკუთრებით პანიკაში მყოფი დასავლელი ლიდერებისთვის, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ სხვა რუსეთი, რუსეთის ამჟამინდელი გეოგრაფიის მიღმა. ჩვენ არ ვართ ქვეყნიდან გაქცეული მთავრობა, არ წარმოვაჩენთ თავს, როგორც კოალიცია, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენს ქვეყანაზე. რუსეთში 140 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და არც მე და არც ჩემი მსგავსი ადამიანები, მათ შორის, მიხაილ ხოდორკოვსკი, არ ვცდილობთ მათი სახელით ვისაუბროთ. მაგრამ, არის მილიონობით რუსი, შესაძლოა რამდენიმე მილიონი, რომლებიც მზად არიან დაიწყონ რაღაც ახალი და შეუძლიათ 5 წამში ეს სიტყვები თქვან – ომი დანაშაულია, რეჟიმი არალეგიტიმურია, ყირიმი უკრაინაა.
ვინც მზად არის ხელი მოაწეროს დეკლარაციას, რომელშიც ნათლად არის ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება უნდა მოიცავდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სევასტოპოლის ჩათვლით, რომ რუსეთმა ომის შემდეგ რეპარაციები უნდა გადაიხადოს და რომ ომის დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ. თუ ხალხმა ეს საჯაროდ თქვა, ისინი რუსეთში ვერ დარჩებიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მათ შესაძლებლობა, რომ სხვაგან, ნულიდან დაიწყონ და დაგვეხმარონ შევქმნათ ახალი, სხვა რუსეთი, რომელიც ალბათ იქნება პატარა, სულ რამდენიმე მილიონი ადამიანი, მაგრამ ეს იქნება ალტერნატივა.
ეს შეიძლება იყოს დიდი ცვლილება, თამაშის წესების შეცვლა. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ის, რომ ადამიანების უმეტესობა, რომელმაც შესაძლოა დატოვოს რუსეთი, ახლა აქტიურად არის ჩართული პუტინის ომში. ომი არ არის მხოლოდ ფრონტზე ყოფნა და ტანკების დასამზადებლად ასაწყობ ხაზზე მუშაობა. ამაში შედის იარაღის, დრონების, სხვა საბრძოლო მასალის დიზაინი, ინოვაციური იდეები, ინჟინერია, ფინანსური საქმიანობა და სხვა. ბევრმა მათგანმა შეიძლება რუსეთიდან წასვლა გადაწყვიტოს და ეს შეიძლება იყოს იმაზე დიდი დარტყმა პუტინის ომის მანქანაზე, ვიდრე ნებისმიერი სანქცია იქნებოდა. რადგან, ტვინების გადინებას ვერ ჩაანაცვლებ ჩრდილოეთ კორეის ან ირანის, ან თუნდაც სხვა ქვეყნების დახმარებით.
ეს ასევე შექმნის ბირთვს მომავლისთვის, ექსპერტთა ბირთვს, რომელიც შესაძლოა დაბრუნდეს რუსეთში, პუტინის რეჟიმის დაშლის დღეს, ჩვენი ქვეყნის ნულიდან აშენების დასაწყებად, ახალი ელიტის შესაქმნელად, რომელიც ჩაანაცვლებს პუტინის კორუმპირებული ძალაუფლების ვერტიკალზე დამოკიდებულ ელიტას. ეს გამოიწვევს დაახლოებით იმას, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა საქართველოში. ჩვენ გაცილებით მეტი ადამიანი დაგვჭირდება, მაგრამ რატომ არ უნდა დავიწყოთ მომავალი რუსეთის საფუძვლის მშენებლობა ახლა. სააკაშვილმა წარმატებას მიაღწია. მე მჯერა, რომ თუ მოგვეცემა შანსი, შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის ეს ალტერნატივა შევქმნათ იმ დღისთვის, როცა – ყველას იმედი გვაქვს – უკრაინა გაიმარჯვებს და პუტინის რეჟიმი ჩამოიშლება.
როდის ჩამოიშლება პუტინის რეჟიმი?
პუტინის რეჟიმი დაინგრევა მხოლოდ რუსეთის სამხედრო დამარცხების შემდეგ. ეს არის რუსეთის ისტორია და თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ რაღაც სხვანაირად მოხდება. რუსეთის ისტორიაში ბოლო ოთხი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცვლილება 1861 წელს, 1905 წელს, 1917 წელს ან 1991 წელს, პირდაპირ იყო დაკავშირებული სამხედრო და გეოპოლიტიკურ მარცხთან. პუტინის რეჟიმის დაშლის სხვა გზა არ არსებობს. ამიტომ, უკრაინის დროშა სევასტოპოლში არის ერთადერთი შანსი რუსეთისთვის, ისტორიის ახალი თავი დაიწყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ომში დამარცხებით, ბოლო მოეღოს რუსეთის იმპერიის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. დროა ის დაიმარხოს და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი 21-ე საუკუნეში შეაბიჯებს და შეუერთდება ცივილიზებული ერების ოჯახს, როგორც ნორმალური, ეროვნული სახელმწიფო და არა როგორც იმპერია, რომლის ადგილიც თანამედროვე სამყაროში არ არის.
არ მინდა ქართული პოლარიზებული პოლიტიკის გარემოში მოგაქციოთ, მაგრამ მაინტერსებს, როგორ ხედავთ საქართველოს თქვენი გადმოსახედიდან?
არ მეშინია არანაირი პოლარიზებული პოლიტიკის კონტექსტში მოქცევის. რაც შეეხება საქართველოს, იქ პოლარიზაცია არ არის. ისე, შეიძლება არის პოლარიზაცია, მაგრამ ეს მარტივი არჩევანია. გყავთ დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც მოსკოვისკენ იხრება. გაქვთ დე ფაქტო მმართველობა ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც რუსი ოლიგარქია, რადგან, როგორც ვიცით, ყოფილი ოლიგარქები არ არსებობენ. ჩვენ არ ვიცით რუსეთთან მისი კავშირების მასშტაბის შესახებ. მაგრამ, საქართველო, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სანქციების თავიდან აცილებაში და პუტინის რეჟიმს თავისუფალ სამყაროსთან კომუნიკაციის სხვადასხვა გზების პოვნაში ეხმარება. არ მაქვს პრეტენზია ქართული პოლიტიკის ექსპერტობაზე, მაგრამ ფაქტი, რომ მან ცოტა ხნის წინ გამოაცხადა პოლიტიკაში პოტენციური დაბრუნების შესახებ, ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ შემოდგომაზე დანიშნული არჩევნები, შეიძლება არც ისე ადვილი იყოს „ქართული ოცნებისთვის“, როგორც ეს წარსულში იყო ხოლმე.
ჩვენ მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ ქართველ ამომრჩევლებს, რუსებისგან განსხვავებით, აქვთ იმის შანსი, რომ დაასრულონ „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის მმართველობა, შეცვალონ ქვეყნის კურსი და საქართველო სრულად გახდეს რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა ბანაკის წევრი.
არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ეს და ამ მხრივ გამოკითხვებს თვალს არ ვადევნებ. მაგრამ, რაღაც მეუბნება, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნები და მისი საბოლოო შედეგი, დიდწილად, დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე.