მერაბ დვალიშვილი შონ ომალის წინააღმდეგ – ბრძოლა, რომელიც UFC 316-ზე მთავარი მოვლენაა და უამრავი გულშემატკივარი ელოდება.
ბუკმეიკერების აზრით, ფავორიტი ქართველია და საინტერესოა, რა თანხას გამოიმუშავებს იგი, თუ თავის წონაში ერთ-ერთი უძლიერესი მებრძოლის კიდევ ერთხელ დამარცხებას შეძლებს. თავის მხრივ, ომალი, დვალიშვილთან სექტემბერში მარცხის გამო, დაკარგული ქამრისა და საჩემპიონო წოდების დაბრუნებას შეეცდება.
The Sports Rush-ის ინფორმაციით, ბრძოლის მნიშვნელობის, მასშტაბისა და ინტრიგის გათვალისწინებით, არის შანსი, დვალიშვილის კარიერაში პირველად მოხდეს, გამარჯვებისთვის 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი მიიღოს.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს, თუკი მოიგებს, მერაბის შემოსავალი მინიმუმ 750 ათასი აშშ დოლარი იქნება და არც ის იქნება სიურპრიზი, თუ ეს თანხა 1 მლნ დოლარს გადააჭარბებს.
მაგალითად, ომალისთან სექტემბერში გამარჯვებისთვის ქართველს 700 ათას დოლარზე მეტი ერგო, იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან ქამრის დაცვისთვის კი – 500 ათასი დოლარი.
შედარებისთვის აღვნიშნოთ, რომ სექტემბერში დვალიშვილთან წაგებულ ბრძოლაში შონ ომალის 2.5 მლნ აშშ დოლარი გადაუხადეს – ცხადია, გამარჯვების შემთხვევაში, მეტს მიიღებდა.
შეგახსენებთ, კვირას, 8 ივნისს, თბილისის დროით გამთენიისას, დვალიშვილი ომალისთან შეეცდება, სწორედ მისი სექტემბერში დამარცხებით მოპოვებული, საჩემპიონო ქამარი დაიცვას და დაუმარცხებლის სტატუსი გაიმყაროს.
წყარო: bpn.ge
