“ქართული ოცნება“ იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ, 25 ნოემბერს, მაინც აპირებს ახალი პარლამენტის შეკრებას. „ოცნება“ პირველ სხდომაზე გეგმავს: სცნოს 150 დეპუტატის უფლებამოსილება, შექმნას ფრაქციები, აირჩიოს სპიკერი, რომელიც ისევ შალვა პაპუაშვილი იქნება და დააკომპლექტოს კომიტეტები.
ლეგიგიტამია არის საფუძველი რომ ნებისმიერმა ხელისუფლებამ მართოს სახელმწიფო, მარტო პოლიცია, ჯარი, ფული არ არის საკმარისი, საჭიროა ხალხმა გაღიაროს, ამიტომ ვფიქრობ რომ “ოცნებას” დათმობაზე წასვლა მოუწევს სიმონ ჯანაშია, მოძრაობა “თავისუფლების მოედანი”, კოალიცია “ძლიერი საქართველო”
პირველი სხდომის გახსნას „ოცნება“ 89 დეპუტატის მეშვეობით აპირებს. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის 61 დეპუტატი სხდომას არ დაესწრება, დიდი ნაწილი მანდატებზეც უარს ამბობს. პარალელურად, უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოსთან, ოპოზიციის დიდი საპროტესტო მიტინგია დაგეგმილი.
ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ამჯერად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სცენარი აღარ განმეორდება, როცა ოპოზიციამ თავიდან, ასევე არ აღიარა არჩევნების შედეგები, მაგრამ შემდეგ, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში მაინც შევიდა.
„რა თქმა უნდა, 2020 წელთან არის მსგავსება, მაგრამ არის ძალიან დიდი განსხვავებაც“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ სიმონ ჯანაშიამ, მოძრაობა „თავისუფლების მოედნიდან“, რომელიც არჩევნებში, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი იყო.
მისი თქმით, „მაშინ „ოცნებას“ ლეგიტიმურობის კრიზისი ნაკლებად ედგა, გაყალბების აღრიცხვაც ნაკლებად ხდებოდა. როგორც ჩანს, ასეთი მასშტაბის გაყალბებაც არ მომხდარა. პოლიტიკური პარტიებიც არ იყვნენ „ოცნებასთან“ ურთიერთობაში გამოცდილნი. ახლა ვიცით, რომ „ოცნება“ არ ასრულებს დანაპირებს, შეთანხმებებს არღვევს, არა მხოლოდ საქართველოს შიგნით, პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ ევროპელ პოლიტიკოსებთანაც დაარღვიეს შეთანხმება.
ამასთან, ახლა „ოცნების“ პოლიტიკაა გაცილებით საშიში, წინასწარ გვითხრეს, რომ აპირებენ პოლიტიკური პარტიები აკრძალონ, რაც მაშინ არ იყო. რეალურად, საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებაც ხდება. პირდაპირ გამოგვიცხადეს, რომ არ აინტერესებთ ევროპელები რას ფიქრობენ, რამდენად გადაიწევს ჩვენი ევროინტეგრაციის ვადები. ახლა სხვა სიტუაციაა, შიდაპოლიტიკურიც და საგარეო პოლიტიკურიც, თავისთავად.
პარლამენტს უფლება არა აქვს, კენჭი უყაროს ვინმეს უფლებამოსილების ცნობას, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი
ლეგგიტიმაცია არის საფუძველი, რომ ნებისმიერმა ხელისუფლებამ მართოს სახელმწიფო. მარტო პოლიცია, ჯარი, ფული არ არის საკმარისი, საჭიროა ხალხმა გაღიაროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ “ოცნებას” დათმობაზე წასვლა მოუწევს“ – გვითხრა სიმონ ჯანაშიამ.
კონსტიტუციონალისტების აზრით, 2020 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, 2024 წლის არჩვენებს ფუნდამენტურად ისიც განასხვავებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი არ აპირებს, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნას.
უფრო მეტიც, ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების შედეგების ანულირება მოითხოვა. კონსტიტუციონალისტი ვახტან ხმალაძე დარწმუნებულია, რომ ამ ფონზე, პარლამენტის თვითშეკრება არაკონსტიტუციურია.
„პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ცესკოს მიერ მიღებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. რაც პარლამენტის წევრად არჩეული 150-ივე პირის არჩევის კანონიერების გასაჩიცრებას ნიშნავს.
მაშასადამე, დროებით სამანდატო კომისიას უფლება არა აქვს, პარლამენტს წარუდგინოს თუნდაც ერთი პირი უფლებამოსილების ცნობისთვის, ხოლო პარლამენტს უფლება არა აქვს, კენჭი უყაროს ვინმეს უფლებამოსილების ცნობას, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება“ – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
„ეს, რა თქმა უნდა იქნება კანონისგან სრულიად აცდენილი და დაარღვევს არსებულ კანონდებლობას, თუ პარლამენტი მაინც შეეცდება სცნოს იმ დეპუტატების უფლებამოსილება, რომელთა არჩევის საკითხი გასაჩივრებულია. ნინო ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
იგივე აზრზეა კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეც: „საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა იქნება უკანონო“.
თუ 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა და დროებითმა სამანდატო კომისიამ მაინც სცნო დეპუტატების უფლებამოსილება, ეს იქნება კანონის უხეში დარღვევა – მიაჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნონა ქურდოვანიძესაც.
„ეს რა თქმა უნდა, იქნება კანონისგან სრულიად აცდენილი და დაარღვევს არსებულ კანონდებლობას, თუ პარლამენტი მაინც შეეცდება სცნოს იმ დეპუტატების უფლებამოსილება, რომელთა არჩევის საკითხი გასაჩივრებულია. პრეზიდენტი სადავოდ ხდის 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერების საკითხს, ის ამ სარჩელით ამბობს, რომ ამ დეპუტატების არჩევა კონსტიტუციის შესაბამისად არ მომხდარა.
ამიტომ სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, დაუშვებელია, რომ პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა მაინც მოახდინოს და შეუდგეს საქმიანობას“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
„ქართულ ოცნებაში“ კონსტიტუციონალისტების და მესამე სექტორის შეფასებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, პარლამენტის თვითშეკრება „უკანონოა“ „სისულელეს“ და „ტყუილს“ უწოდებენ.
ბიძინა ივანიშვილის პარტიას განსაკუთრებით, არც ის ადარდებს რომ თვითშეკრებილი პარლამენტი ერთპარტიული იქნება. შალვა პაპუაშვილი, რომელიც „ოცნებამ“ ისევ სპიკერად წარადგინა, ისევ 2020-21 წლებს იხსენებს და ამტკიცებს, რომ ოპოზიცია კვლავ „პუფებივით შემოლაგდება“ ახალ პარლამენტში.