„კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის დიდი შესაძლებლობა“ – იაგო ბიტარიშვილი

„ღვინის სექტორი დინამიურად ვითარდება, რაშიც დიდი წვლილი ევროკავშირს მიუძღვის“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ „იაგოს მარანის“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით ის ფაქტი, რომ საქართველოში ბევრი პატარა მარანია და ქართული ღვინო ასეთი პოპულარულია, ევროკავშირის დამსახურებაა.
„ქართული ღვინო რომ პოპულარული არ გამხდარიყო, დღეს საქართველოში ამდენი მარანი და ამდენი ღვინის ბარი არ იქნებოდა. მომავალში უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. მაგალითად როდესაც ევროკავშირის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ბულგარეთმა ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი მიიღეს, მათ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირმა უდიდესი დახმარება გამოუყო. კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის დიდი შესაძლებლობა, რადგან ევროკავშირი გრანტის სახით სექტორში დიდ თანხას დებს. ეს როგორც ფინანსური ასევე ბაზრების კუთხით უდიდესი შესაძლებლობაა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ს და ჩინეთის ბაზარზე ეს არის 500 მილიონიანი ბაზარი, დიდი კონკურენციაა, თუმცა როდესაც ჩვენ გვექნება სტატუსი და შემდეგ ევროკავშირის წევრები გავხდებით, ევროკავშირის ბაზარი ხელმისაწვდომი გახდება.
თუ ჩვენ უფრო მაღალი ხარისხის ღვინოს შევქმნით, ბაზარზე თავს უფრო ადვილად დავიმკვიდრებთ. მევენახეობა საკმაოდ ხარჯიანი და ძვირად ღირებული საქმიანობაა, ამ მიმართულებით ფინანსებზე წვდომა ძალიან დიდი რესურსია, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენ მეღვინეებს, არამედ სოფლის მეურნეობაში დამკვიდრებულ ადამიანებს გაეხსნებათ. კარგი ხარისხის ტექნიკის ყიდვა ნიშნავს იმას, რომ 5-10 წლის მოსავალი უნდა გადაიხადო ამ ტექნიკაში, რაც პატარა მარანს უჭირს მით უმეტეს როცა ასე ვართ ამინდებზე დამოკიდებული,“ – აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.
ბიტარიშვილი განმარტავს, რომ ქართულ ღვინოში ხარისხი რუსეთის ემბარგოს შემდეგ წამოვიდა და ღვინის ბარების და ჭიქა ღვინოზე შეკრების კულტურაც მას მერე სწორედ ევროკავშირიდან შემოვიდა.
„ევროკავშირში ქართული ღვინის პოპულარობამ გააჩინა საქართველოში ამდენი მარანი და ახლა ექსპორტის ნაწილშიც უფრო მეტი მარანი იღებს მონაწილეობას ვიდრე შარშან, 5 ან 10 წლის წინ იყო.
მე მახსოვს, თავდაპირველად, როდესაც ექსპორტს ვიწყებდით, მეგობრების წრეში ვყიდდით ღვინოს, ახლა ბევრი პატარა მარანია, რომელიც საზღვრებს გარეთ ყიდის, მე მახსოვს, როდესაც ევროკავშირში პირველი ექსპორტი დაიწყო, ქვეყანა იყო იტალია, შემდეგ გავედით საფრანგეთში, ინგლისში, ესპანეთში. ჩვენი ღვინო იყიდება ისეთ ბაზრებზე, რომელიც ღვინის კულტურის მაღალ ბაზრად ითვლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა მოგვანიჭოს, ეს რიცხვი გაცილებით უფრო დიდი იქნება,“ – აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.