კანადას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ვიქნებით უკრაინის გვერდით, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა, – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, ბოლო თითქმის სამი წლის განმავლობაში ალიანსი საოცრად ძლიერი და მტკიცეა, რომ უკრაინას მიაწოდოს ის საშუალებები, რაც მას ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო შეჭრისგან თავის დასაცავად ესაჭიროება“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, უკრაინა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში იყოს ჩართული.
„გვაქვს მიმდინარე დისკუსიები აშშ-ს პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის. ჩვენი გადმოსახედიდან, აუცილებელია, რომ უკრაინა ამ მოლაპარაკების ნაწილი იყოს და ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, რათა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში იყვნენ“, – აღნიშნა ბილ ბლერმა.
