კანადამ, მექსიკამ და ჩინეთმა სამშაბათს, 4 მარტს განაცხადეს, რომ საპასუხო ტარიფებს დააწესებენ ამერიკულ საქონელზე მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ სამ ქვეყანას იმავე დღეს, ახალი ტარიფები დაუწესა.
შეერთებულმა შტატებმა სამშაბათს ახალი, 25%-იანი ტარიფები დააწესა მისი ორი უდიდესი სავაჭრო პარტნიორის, მექსიკისა და კანადის საქონელს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გაორმაგდა აქამდე დაწესებული 10%-იანი ტარიფი ჩინურ იმპორტზეც.
მიუხედავად იმისა, რომ კანადისა და მექსიკის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ტრამპის მოთხოვნის შესაბამისად, შეზღუდეს საზღვარზე არალეგალური მიგრაცია და უკანონო ნარკოტიკების ამერიკაში შედინება, ტარიფები ამერიკამ მაინც დააწესა.
ორშაბათს ტრამპის იმ განცხადების შემდეგ, რომ ის ტარიფებს აუცილებად დააწესებდა, ამერიკის სამივე ძირითადი საფონდო ინდექსი მკვეთრად დაეცა. ტარიფების ამოქმედების დღეს კი თითოეული ეს მაჩვენებელი, დაახლოებით 2-პროცენტიანი პუნქტით დავარდა.
ტრამპის თქმით, ეს სანქციები თავდაპირველად უსიამოვნებას შეუქმნის ამერიკელ მომხმარებლებსა და ბიზნესებს, რადგან იმპორტირებულ საქონელზე ფასები გაიზრდება. თუმცა, მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს აიძულებს კომპანიებს თავიანთი წარმოება ამ სამი ქვეყნიდან ამერიკაში გადაიტანონ, რათა ტარიფებს თავი აარიდონ.
კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ მისი ქვეყანა „არ დატოვებს ამ გაუმართლებელ გადაწყვეტილებას უპასუხოდ“. მისი თქმით, კანადა 107 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს დააწესებს. ჯასტინ ტრუდომ ამერიკელ ფერმერებსაც მიმართა და თქვა, რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ შესაძლო შექმნილი პრობლემები მათი ხელისუფლების ქმედებების შედეგი იქნება და არა იმის, რომ კანადას სურს ამერიკელი ხალხის დაზარალება.
მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შინბაუმმაც თქვა, რომ მისი ქვეყანა საპასუხო ტარიფებს დააწესებს ამერიკულ საქონელზე. მისი თქმით,
„არ არსებობს მოტივი, მიზეზი და გამართლება, რომელიც ახნის ამ გადაწყვეტილებას, რაც გავლენას მოახდენს ჩვენს ხალხსა და ჩვენს ერზე”, – თქვა მან.
ამერიკის მიერ ტარიფების დაწესებაზე განცხადება გააკეთეს ჩინეთშიც. ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრომ სამშაბათს განცხადება გაავცელა, სადაც ნათქვამია, რომ იგი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამერიკის ტარიფების გაზრდას. მათივე თქმით ტარიფები არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და ძირს უთხრის ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას.
ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 10 მარტიდან ჩინეთი 15%-იან ტარიფს დააწესებს ამერიკულ ქათმის, ხორბლის, სიმინდისა და ბამბის იმპორტზე. 10%-იანი ტარიფი გავრცელდება ამერიკულ სორგოზე (მარცვლოვანი მცენარე), სოიოს, ღორის, საქონლის ხორცზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე.
