კანადა, აშშ… – LGG საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს

მეტალპლასტმასის მწარმოებელი კომპანია LGG საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი გიორგაძემ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, ექსპორტი კანადაში უკვე დაწყებულია, ხოლო ამერიკის ბაზარზე შესასვლელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისი თქმით, საექსპორტო პროცესისთვის გადამწყვეტი იყო წარმატებული სერტიფიცირება, რომლის პროცესიც შარშან დასრულდა. კომპანიამ სერტიფიკატი მოიპოვა, რაც საშუალებას აძლევს, პროდუქცია ამერიკისა და კანადის ბაზრებზე გაყიდოს.
„სერტიფიცირების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო – კანადელ მონიტორინგ ჯგუფს ორჯერ ჰქონდა ვიზიტი: ჯერ საწარმოში, შემდეგ დაზგა-დანადგარების შემოწმების მიზნით. შემთხვევითობის პრინციპით აირჩიეს ნიმუშები, რომლებიც კანადაში გაიგზავნა და გაიარა ენერგოეფექტურობის შემოწმება. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ სერტიფიცირება. ახლა უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამერიკის მიმართულებით, პარტნიორების მოძიებაზე“, – განმარტა გიორგაძემ.
LGG-მ უკვე განახორციელა დამატებითი ინვესტიცია წეროვანში. მოეწყო სივრცე, რომელიც საწყობის ფუნქციას შეითავსებს და ექსპორტს მოემსახურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქცია საექსპორტოდ სათანადოდ უნდა შეიფუთოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელი დისტანციით ტრანსპორტირებისთვის.
„ვფიქრობთ, რომ კანადაში ადგილობრივ იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას ნამდვილად გავუწევთ. ჩვენი პროდუქცია სერტიფიცირებულია, რაც ნიშნავს, რომ მწვანე პროდუქტია. მწვანე სტატუსი იმპორტიორს საშუალებას აძლევს, რომ 10% დაიბრუნოს სახელმწიფოსგან, რაც დამატებითი უპირატესობაა ბაზარზე“, – აღნიშნა გიორგაძემ.
მისივე თქმით, -ში მოლაპარაკებები სამ სხვადასხვა შტატში მიმდინარეობს და მოკლევადიან პერიოდში, მხოლოდ აშშ-ს და კანადის ბაზრებზე იქნებიან ორიენტირებული.
გიორგი გიორგაძის განცხადებით, LGG-ს გრძელვადიან სტრატეგიაში წარმოების ავტომატიზაცია და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვაა დაგეგმილი, რაც კიდევ უფრო გაზრდის კომპანიის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.