კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 13 მოქალაქეს, რომელთაც კავშირი აქვთ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილთან კოლონიაში.
კანადის შინაგან საქმეთა სამინისტრო აზუსტებს, რომ სანქციები შემოღებულია „ნოვიჩოკით“ ნავალნის 2020 წელს მოწამვლის, 2021 წელს მოსკოვის აეროპორტში პოლიტიკოსის უკანონოდ დაკავებისა და პატიმრობის დროს მისი უფლებების დაუცველობის ფაქტების გამო. გარდა ამისა, სანქციების შემოღებაზე გავლენა მოახდინა ოჯახისთვის ცხედრის გადაცემის შეყოვნებამ და ნავალნის სიკვდილის გარემოებების გამოძიებაზე უარმა.
სხვათა შორის სიაში შეყვანილი არიან იამალო-ნენების ავტონომიური ოკრუგის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ანდრეი ეგოროვი, მისი მოადგილე დმიტრი ციმბალენკო, მათი კოლეგა ედგარ სეროპიანი, რომელიც ხელს უშლიდა პოლიტიკოსის დედისთვის ცხედრის გადაცემას, ასევე ფსბ-ს აგენტი ალექსეი ალექსანდროვი, რომელიც პოლიტიკოსის მოწამვლაში მონაწილეობდა.
კანადის შინაგან საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ სანქციების შემოღების შესახებ პირადად შეატყობინა რუსი ოპოზიციონერის მეუღლეს, იულია ნავალნაიას. სანქციების სიაში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ კანადის ტერიტორიაზე შესვლა. გარდა ამისა, კანადის ნებისმიერ მოქალაქეს ეკრძალება მათთვის ხელის შეწყობა ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში, მათთვის საქონლის მიწოდება და ფინანსური მომსახურების აღმოჩენა.
ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონია „პოლიარნი ვოლკში“. მისი სიკვდილის შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. ნავალნის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.