“ინდიგოს” ჟურნალისტი, საბა სორდია თავისუფალია. მისი პატიმრობის ვადა, რომელიც შსს-მ დაუსაბუთებლად, 48 საათამდე გაახანგრძლივა, უკვე ამოიწურა, სასამართლოს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დღეს მოუსმინა როგორც სორდიას და მის ადვოკატებს, ისე შსს-ს წარმომადგენლებსა და მის დამკავებელ პოლიციელებს. ის გადაწყვეტილებას 17 აპრილს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.
სორდია ამბობს, რომ პოლიციელებმა ზედაპირული დათვალიერების მოტივით გააჩერეს, თუმცა, არ განუმარტავთ ამის საფუძველი. ასევე, არ წარუდგინეს თავი, არ აუხსნეს რატომ მოინდომეს მისი ჩანთის ჩხრეკა და ა.შ. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პოლიციელები თვითნებურად მოქმედებდნენ.
ერთ-ერთმა მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ სორდიას გაჩერება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მან პოლიციელებს “სახე მოარიდა”. თავად სორდია ამბობს, რომ როცა მარჯანიშვილის მოედანზე მოპედი გააჩერა, მაშინვე დაინახა პოლიციელები. შემდეგ ოდნავ გვერდით გაიწია, რადგან აღმოაჩინა, რომ ტაქსის პარკინგზე იდგა. მისი თქმით, მალევე მივიდნენ პოლიციელები და შემოწმება დაიწყეს.
იდენტიფიცირების შემდეგ, პოლიციელებმა სორდიას ჩანთის ჩხრეკა მოინდომეს, რაც ზედაპირული დათვალიერების ფარგლებს სცდება და ჩხრეკას უტოლდება. როგორც საბა ამბობს, ის დათანხმდა პოლიციელებს ჩანთის გახსნაზეც და ყველა ჯიბე თავად გახსნა. ერთ-ერთი ჯიბის შემოწმება პოლიციელებმა თავად გადაწყვიტეს რაზეც უთხრა, რომ თავად გახსნიდა. ამის შემდეგ, ის განყოფილებაში გადაიყვანეს პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევის მოტივით.
როგორც სორდია ჰყვება, მანქანაშიც და განყოფილებაშიც პოლიციელებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, უთხრეს, რომ კამერას, რომელიც ჟურნალისტს თან ჰქონდა, კედელს მიანარცხებდნენ. თუმცა, მოგვიანებით უთხრეს, რომ ეხუმრებოდნენ.
“დაკავების შემდეგ, როდესაც ჩამსვეს მანქანაში, სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. არ შეუგინებიათ, მაგრამ პერსონალურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. შემდეგ, როდესაც ავედით განყოფილებაში, აქაც 1-2 წუთის განმავლობაში გაგრძელდა შეურაცხმყოფელი ფრაზები. კამერაზე რამდენჯერმე გავამახვილე ყურადღება, იმიტომ, რომ ერთი გოუპრო წამართვეს მაისის აქციების დროს და სათუთი ნივთია ჩემთვის. ვეუბნებოდი, რომ გაჰფრთხილებოდნენ. თავიდან ჩანთაში ჰქონდათ. შემდეგ ამოიღეს, შეამოწმეს ჩიპი, რაიმე ხომ არ მქონდა ჩაწერილი. დააფორმატეს. ჩიპი ამოიღეს, ცალკე კომპიუტერში შეამოწმეს. მობილურის განბლოკვა მოითხოვეს, რამე ხომ არ მქონდა გადაღებული. განვბლოკე, იმიტომ, რომ არ მქონდა არაფერი ჩაწერილი. უპრობლემოდ გავხსენი მობილური, შეამოწმეს, ისევ გათიშეს, ჩადეს პარკში. ამის შემდეგ, დამშვიდდა სიტუაცია, არც შეურაცხმყოფელი ფრაზები არ გაჟღერებულა. ერთადერთხელ, გოუპროზე რამდენჯერმე გავუმეორე [გაჰფრთხილებოდნენ], იმიტომ, რომ მართლა სათუთი ნივთია ჩემთვის და მითხრეს, რომ კედელს მივანარცხებ ახლაო. მერე თქვეს, რომ ეს ხუმრობით ვთქვითო”, – განაცხადა სორდიამ სასამართლოზე.
