მიმაჩნია, რომ დონალდ ტრამპი არის არასტაბილური, სულ უფრო არასტაბილური და თანამდებობისთვის შეუფერებელი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული“ პარტიიდან, კამალა ჰარისმა განაცხადა.
„ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან თეთრ სახლში, ყველა „რესპუბლიკელი“, სხვათა შორის, რომლებიც მსახურობდნენ მის ადმინისტრაციაში, მისი ყოფილი შტაბის უფროსი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრები და მისი ვიცე-პრეზიდენტი, ყველა საშიშს და შეუფერებელს უწოდებს მას. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ ის აბუჩად იგდებს შეერთებული შტატების კონსტიტუციას. მათ თქვეს, რომ ის აღარასოდეს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, – აღნიშნა ჰარისმა.
ამასთან, მისი თქმით, ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია. კერძოდ, CNN-ის მოდერატორის კითხვაზე : „ფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია?“ – ჰარისმა უპასუხა: „დიახ, ასე ვფიქრობ“.
მანამდე, ჯონ კელიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში თეთრი სახლის აპარატის უფროსი იყო, The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპმა შეაქო ადოლფ ჰიტლერის გენერლები ერთგულებისთვის. ინტერვიუს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ეს აბსოლუტურად მცდარია და პრეზიდენტ ტრამპს არასოდეს უთქვამს ეს“.