როდის დაიბარებენ საგამოძიებო უწყებაში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს, რომელიც სამოქალაქო აქტივისტების მტკიცებით, აქციის მონაწილეებს აფურთხებდა, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც ირკვევა სახელმწიფო ბრალდება ახლა სწორედ გიორგი შუკვანის საქმით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ და წერენ, რომ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან მომხდარ ინციდენტზე, 7 თვის თავზე, არაერთი მიმართვის შემდეგ, მოკვლევა დაიწყეს და ისინი გამოკითხვაზე დაიბარეს.
შეკრებიდან გამოსული ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გიორგი შუკვანი და ლევან ზარდიაშვილი გვაყენებენ შეურაცხყოფას, გვაგვინებენ და გვაფურთხებენ სახეში. ამას იღებდა ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომლის მიმართაც ასევე განხორციელდა ფიზიკური შეხება, კერძოდ ფიზიკურად შეეხნენ და შეაფურთხეს. დღეს გახდა ცნობილი, რომ გამოძიება დაიწყეს, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, პროკურორმა დაურეკა ჩვენს თანამებრძოლ გოგოებს და უთხრა, რომ ისინი მოწმის სახით უნდა დაიკითხნენ. ჩვენც ვართ დაზარალებულები, თუმცა, ეს ამ საქმეში არ ფიგურირებს, თურმე, – ამბობს მაგდა მამუკაშვილი.
“პირველები“ შეეცადა, გიორგი შუკვანს დაკავშირებოდა, თუმცა, მან კითხვებს არ უპასუხა.




