დღეს საღამოს, 5 სექტემბერს, თბილისში, თბილისის მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მელიქიშვილის ქუჩაზე აქციის მიმდინარეობისას კვლავ დაიწყო დაპირისპირება დემონსტრანტებსა და „ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს შორის.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის“ მონაწილე დემონსტრანტების მიერ „ოლე, ოლას“ სიმღერას „ოცნების“ მხარდამჭერების გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც მათ დემონსტრანტებს აგინეს.
მობილიზებულია პოლიცია – კორდონი მხარეებს შორის დგას.
„ოცნების“ ოფისის მხარეს მყოფი ორი პირი დემონსტრანტებისკენ იწევდა, თუმცა პოლიციამ შეაჩერა.
იქვეა „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი, ყოფილი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.
„რუსებო, რუსებო“, – სკანდირებენ დემონსტრანტები.
„ოცნების“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა „სნოს“ წყლის ბოთლი ესროლა დემონსტრანტებს.
„ჩვენი მიზანია, აქ შევქმანთ მუდმივი საპროტესტო კერა მინიმალური დანაკარგებით. ამიტომ, თუ შეიძლება, გადმოიწიეთ და გადავინაცვლოთ პარლამენტისკენ“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გოტა ჭანტურიამ რუპორში.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ გააგრძელეს მსვლელობა.
ამავე ადგილას დაპირისპირება იყო 3 სექტემბერს, შტაბის გახსნისას.
· „ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას და რომელსაც ხშირად მღერიან 2024 წლის 28 ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
· მასზე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების“ წევრები.
· ამ სიმღერის გამო 2025 წლის 4 მარტს თავს დაესხნენ მუსიკოსს, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, 6 ივლისს – ვანო თარხნიშვილს (ორივენი უკრავენ ბენდში „გამოუვალი მდგომარეობა“), 9 ივლისს კი – მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz).
ფორუმი
