გუშინ „ქართული ოცნების“ წევრებისა და მომხრეების მხრიდან ძალადობის შემდეგ, დღეს, 9 სექტემბერს კვლავ დაიწყო საპროტესტო დემონსტრაცია მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის მიმართულებით.
რადიო თავისუფლებამ გადაიღო, რომ ფილარმონიის მიმდებარედ პოლიცია იყო მობილიზებული. მათ ნაწილი ყვითელი მიკროავტობუსებით მიიყვანეს ადგილზე.
ამჟამად [20:15 საათისთვის], საარჩევნო შტაბთან პოლიციელები მხოლოდ კანტიკუნტად ჩანან აქციაზე. პოლიციელთა უმრავლესობა მობილიზებულია ოდნავ ქვევით, რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით აქციისგან.
შტაბის კარები დაკეტილია.
ერთ-ერთი ფანჯრიდან მედიის გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ კართან გარედან მდგარ ოპერატორებს შიგნით მყოფი პირები უხამს ჟესტიკულაციას უჩვენებენ.
შტაბში მყოფთა ნაწილს სახე დაფარული აქვს.
დემონსტრანტები ჯერ ფილარმონიასთან შეიკრიბდნენ და მსვლელობა დაიწყეს რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებული შტაბისკენ.
„ბრძოლა ბოლომდე“, – სკანდირებენ დემონსტრანტები. „რუსებო, რუსებო“, – სკანდირებს აქცია.
დემონსტრანტების ნაწილი, – რომელთაც სახე დაფარული აქვთ, – ასევე მღერის დემონსტრაციებზე შექმნილ სიმღერას, „ოლე, ოლას“ და აგინებენ „ქართული ოცნების“ წევრებს. „ქოცებს რა?! დედის *&^ა“, – სკანდირებს მათი ნაწილი.
20:15 საათისთვის აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშიც შემოუერთდა.
· „ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას და რომელსაც ხშირად მღერიან 2024 წლის 28 ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
· მასზე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების“ წევრები.
· ამ სიმღერის გამო 2025 წლის 4 მარტს თავს დაესხნენ მუსიკოსს, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, 6 ივლისს – ვანო თარხნიშვილს (ორივენი უკრავენ ბენდში „გამოუვალი მდგომარეობა“), 9 ივლისს კი – მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz).
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიტო სამხარაძემ, – რომელიც პოლიტიკური ოპონენტების გინებით გამოირჩევა, – წუხელ დემონსტრანტებზე ძალადობის შემდეგ ფეისბუკზე დაწერა:
„ოლე, ოლა, ხომ? დაინახა მთელმა საქართველომ, ვისი დედის ₽&@&₽()&&@ მოხდა. ასე იცის, როდესაც მოგვივარდებით, შეურაცხყოფას მოგვაყენებთ და დაგვემუქრებით, შესაბამის პასუხს მიიღებთ“ [სტილი დაცულია].
