კალაძე სანქციებზე: თუ ახორციელებ ზემოქმედებას, არ ვყოფილვართ მეგობრები, მტრები ვყოფილვართ

თბილისის მერი ამბობს, რომ -ის სანქციებზე საუბარი პარტნიორული არაა და აღნიშნული ურთიერთობები “გადატვირთვას” საჭიროებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“აბსოლუტურად გაუგებარია, ჯერ ის სანქციების ნაწილი, რომელიც იქნა გაჟღერებული მიმოსვლასთან დაკავშირებით. რის გამო? რის გამო, რომ ქვეყანაში პარლამენტი, რომელიც ქვეყნის უმრავლესობამ აირჩია, იღებს კანონს, რომელიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – გამჭვირვალობას. როდესაც ამაზე ახორციელებ ზემოქმედებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაშინ არ ვყოფილვართ მეგობრები, არც პარტნიორები, მაშინ ვყოფილვართ მტრები, ასე გამოდის. ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდია. მოსახლეობას მიაჩნია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის პარტნიორები, მეგობარი ქვეყანა”, – თქვა კალაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკარტიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამასთან, ბლინკენი ამბობს, რომ “შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას იწყებს”.
კონკრეტულად ვისზე გავრცელდება სანქციები, ჯერჯერობით უცნობია.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ აშშ-ის კონგრესში ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა – MEGOBARI Act და ქართველი ხალხის აქტი.
ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარდგენილი პაკეტი – “ქართველი ხალხის აქტი” სენატში დარეგისტრირდა. მისი სამიზნეები არიან ის ქართველი ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ასევე “უცხოური აგენტების კანონის” წინ წაწევაზე.
რაც შეეხება MEGOBARI Act, ის წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარუდგინა. უილსონის თქმით, კანონპროექტი ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად არის შექმნილი და მისი მიზანია უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულება ქვეყნის მოქალაქეების წინაშე.