ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე მმართველი გუნდის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონი გამკაცრდება. კალაძის თქმით, ეს ნაბიჯი დროული, სწორი და მნიშვნელოვანია.
“მე ვფიქრობ, [ოცნების საკანონმდებლო ინიციატივა] დროული, სწორი და მნიშვნელოვანია, რადგან ამ მიმართულებით ხარვეზი იყო. ზოგადად, ის, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ – რელიგიური კუთხით შუღლის გაღვივება და შეურაცხყოფის მიყენება კატეგორიულად მიუღებელია. მაგრამ, ეს ახალი არაა. ჩვენ ხომ ვიცით, ამ ადამიანების ქმედებები რას ემსახურება. მათ პირდაპირ გაცხადებული აქვთ, რომ ჩვენს ქვეყანას, სარწმუნოებას, პატრიარქს, წარსულსა და კულტურას ებრძვიან. მაგრამ, არავის არაფერი გამოუვა”. – თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ქართული ოცნება საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.
9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა.
შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ მან შესწირა ხატი სამების საკათედრო ტაძარს და “ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს”.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.