მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისი შეხედულებით ევროკავშირის ელჩი საქართველოდან “გასაგდებია” და ეს მისი “დამოკიდებულება და ხედვაა”. და მასზე რომ იყოს “დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი”, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის პასუხად უთხრა, რომლებმაც პაველ ჰერჩინსკის კომენტარის განმარტება სთხოვეს.
კალაძის თქმით “რა უბედურებაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან”.
„არ ვიცი, როდის გააკეთა ეს განცხადება. თუ მართლა გასაკეთებელია, მე თუ მკითხავთ, ქვეყნიდან გასაგდებია თუ ევროკავშირის ელჩი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, როდესაც შენ გყავს კონკრეტული დამნაშავეები… ესეც, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით. ევროკავშირის ელჩთან პიროვნულად მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, ნორმალური ადამიანია, მაგრამ მის სტატუსს იყენებს, მავნებლობს. ცხადია, ის ასრულებს დავალებას. რასაც ეუბნებიან, იმას აჟღერებს. ეს არის მოცემულობა. ის პროპაგანდა და ნარატივი, რაც თქვენ გაქვთ, რომ თურმე ეს აქციები, მშვიდობიანი აქციები იყო, თურმე იმ „მოლოტოვის კოქტეილს“ მე და ჩემი თანაგუნდელები ვისროდით, თურმე ხელკეტებსა და ქვებს მანანა თოქმაჯიშვილი ესროდა სპეცრაზმსა და პოლიციელებს, თურმე ის ადამიანები საერთოდ არაფერ შუაში არ ყოფილან”, – თქვა კალაძემ.
მისი განმარტებით, ევროკავშირის ბიუროკრატიას “არ მოეწონა შედეგები, რომელიც დადგა 26 ოქტომბერს. ისინი დამარცხდნენ და ყველა გზას და მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანაში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, პოლარიზაცია და ა.შ.”
“რა უბედურებაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან. მათი დაფინანსებით, მათი მხარდაჭერით, მათი ფინანსური შესაძლებლობებით”, – თქვა კახა კალაძემ.
და განმარტა, “ეს ჩემი დამოკიდებულება და ჩემი ხედვაა და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი. პატივი უნდა სცენ პირველ რიგში, ქართულ სახელმწიფოებრიობას და ევროკავშირის ელჩს და ნებისმიერი ქვეყნის ელჩს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ხელი შეუწყოს თუნდაც საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას. ელჩთან მე, როგორც ადამიანთან, რამე საპირისპირო კი არ მაქვს, მაგრამ მას აქვს სტატუსი, ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი და ქვეყანაში ოფიციალური პირი. კეთილი უნდა ინებოს და თავი უნდა შეიკავოს ამ ტიპის განცხადებებისგან, რომელიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება“, – თქვა კალაძემ.
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ სააგენტო “ინტრეპრესნიუსს” უთხრა, რომ რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის.
ელჩი აღნიშნავდა, რომ გარკვეულწილად ევროკავშირს უკვე შეჩერებული აქვს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს აღარ შეუძლიათ უვიზო მიმოსვლა, თუმცა ევროკომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 1 სექტემბრიდან მოსალოდნელია, რომ ვიზის გარეშე ვერც საქართველოს მოქალაქეები ვერ ივლიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერება არის „შანტაჟი“ და „პროვოკაცია“, რომელსაც საზოგადოება “არ უნდა დაჰყვეს” და „არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის“.
საქართველოს დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლის“ საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს. ამ საკითხზე ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა წერილი გაუგზავნა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს. წერილში დირექტორატი მოითხოვს განახლებული ინფორმაციის მიწოდებას კომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან თუ ჯერ არ განხორციელებულა ისინი – სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, აგვისტოს ბოლომდე. საუბარია რვა რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელთა შორისაც არის:
· უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა;
· თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.
საქართველო, სხვა მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, 2017 წლის 28 მარტიდან შენგენის 28 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს – საქართველოს მოქალაქეს ამ ქვეყნებში მოგზაურობისთვის არ სჭირდება ვიზა, რომლის აღებასაც შესაძლოა რამდენიმე კვირა და თვე დასჭირდეს. უვიზო მიმოსვლა იძლევა მოგზაურობის სპონტანურად დაგეგმვის შესაძლებლობას, წლების წინ გაყოფილი ოჯახების წევრებს კი ერთმანეთთან შეხვედრას უმარტივებს.
2024 წლის პირველი თვეებიდან კი „ქართულმა ოცნებამ“, პარტნიორი ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, მიიღო კანონები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა სამოქალაქო ორგანიზაციების, მოწყვლადი ჯგუფებისა და დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების სამუშაო გარემო.
