კალასი: გრანტების კანონი კიდევ უფრო ამცირებს სამოქალაქო სივრცეს

„დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ამცირებს სამოქალაქო სივრცეს“, — ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტების გაცემის აკრძალვას „ქართული ოცნების“ მიერ.
„სასწრაფოდ და კონსულტაციის გარეშე მიღებული ეს კანონი ემატება ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონმდებლობას. ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს“, — წერს კალასი X-ზე.
Today, Georgia adopted a law that further shrinks civic space. Rushed and passed without consultation, it adds to recent repressive legislation. These steps undermine Georgia’s EU candidate status and core democratic principles. — Kaja Kallas (@kajakallas) April 16, 2025
„ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმებით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს.
სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მორიგი რეპრესიული კანონი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში განიხილა და დაამტკიცა.
ცვლილებები ამჯერად გრანტის გამცემს (დონორს) ავალდებულებს, რომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს და წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
შესაბამისი თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს.