ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ხსნის, რომ წერილში, რომელიც ბრიუსელიდან თბილისს გამოუგზავნეს, ნახსენებია “დედლაინი” – საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად “პირობების შესასრულებლად” აგვისტოს ბლომდე ეძლევა ვადა.
მისივე თქმით, აქამდე ევროკავშირის პოზიცია იყო, რომ “ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება არ სურდათ”, თუმცა ახლა ფიქრობენ, რომ ქვეყნის მიერ ევროკავშირის პირობების შეუსრულებლობას შედეგები მოჰყვება.
“რაც შეეხება საქართველოსადმი გაგზავნილ წერილს: საქართველოში უვიზო რეჟიმი 2017 წლიდან მოქმედებს. ეს დიდი სარგებელია, რომელსაც ევროკავშირი ქვეყნებს აძლევს. არის რეკომენდაციები, რომლებიც გადაეცა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების (პირობების) ანგარიშში.
ასეთია ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს. მაგალითად: უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებები, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება, ასევე, აკრძალოს დისკრიმინაცია – ეს არის მხოლოდ ერთი პუნქტი.
კიდევ 8 მსგავსი პუნქტია. მათ ეს “დედლაინი” მიეცათ აგვისტოს ბოლომდე ამის შესასრულებლად. შეკითხვა არის ასეთი: რა რეაგირება გვექნება თუ რეკომენდაციები არ შესრულდება?
აქამდე გვქონდა ისეთი პოზიცია, რომ არ გვინდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, რომელსაც მართლა აქვს მათთვის მნიშვნელობა, თუმცა, პარალელურად, ევროკავშირის სანდოობის საკითხი არსებობს. როდესაც ქვეყანა არ ასრულებს პირობებს – ამას შედეგები მოჰყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არაა”, – აღნიშნა კაია კალასმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ინფორმაციით, წერილში, რომელიც ბრიუსელიდან თბილისს გამოუგზავნეს, საუბარია გარკვეულ პირობებზე, რომელიც ხელისუფლებამ დროის დათქმულ ვადაში უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, უვიზო რეჟიმი შეჩერდება. ამის შესახებ კალასმა დღეს, 15 ივლისს განაცხადა.
