რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბარიც კი მახეს წარმოადგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსული მოლაპარაკებების ტაქტიკა სამი ნაბიჯისგან შედგება: პირველი, მოსკოვი იმას მოითხოვს, რაც არასდროს ეკუთვნოდა, შემდეგ კი ამას ულტიმატუმები და ძალის გამოყენების მუქარა მოჰყვება. ბოლოს, დასავლეთში ხმების მობილიზება მოხდება, რომლებიც რუსეთს ზუსტად იმას შესთავაზებენ, რაც მისი არასდროს ყოფილა. საბოლოოდ, რუსეთი იმას მიიღებს, რის შესახებ არც კი ოცნებობდა. ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბარიც კი მახეს წარმოადგენს, რომელშიც არ უნდა გავებათ“, – განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, „რუსეთი კომპრომისად ყიდის იმას, რომ მხოლოდ დაპყრობილ ტერიტორიებს დაიტოვებს“.
„რეალურად, ეს კომპრომისი არ არის, რადგან აქამდე მისი მოთხოვნები გადაჭარბებული იყო. რუსეთს სურს, რომ მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინის მხრიდან დათმობები განვიხილოთ, თავად კი არანაირი დათმობის შეთავაზება გაუკეთებია. ამიტომ, პუტინის მახეში არ უნდა გავებათ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პუტინისთვის ომი სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს. აგრესიის დასაჩუქრება კიდევ უფრო მეტ ომს მოიტანს“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
