„აქ ჩამოვედი მკაფიო გზავნილით: ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან ისე ახლოს, როგორც ახლა ვართ” – განაცხადა 30 ივნისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ერევანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ.
კალასი მიესალმა სომხეთის მზაობას ევროკავშირთან “პარტნიორობის გაღრმავებისთვის”.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების სფეროში დივერსიფიკაციისადმი სომხეთის ინტერესს:
“ამ ცვალებად გარემოში, სომხეთი დგამს თამამ ნაბიჯებს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის დივერსიფიკაციისკენ. გადამჭრელად ვშორდებით თავდაცვასა და უსაფრთხოებაში ერთ წყაროზე დამოკიდებულებას. ჩვენი პარტნიორობა ევროკავშირთან თამაშობს მნიშვნელოვან როლს ამ კუთხით და დღევანდელი კონსულტაციები არის დივერსიფიკაციის სტრატეგიის სასიცოცხლო კომპონენტი”.
კაია კალასმა კმაყოფილებით აღნიშნა სომხეთისა და ევროკავშირის მომლაპარაკებლებს შორის “პარტნიორობის ახალ დღის წესრიგზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა” და განმარტა, რომ ეს შეთანხმება “განსაზღვრავს ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და მედეგობის პრიორიტეტებს”:
“ამის მხარდასაჭერად ევროკავშირი უზრუნველყოფს 270 მილიონი ევროს გამოყოფას – მედეგობისა და ზრდის გეგმაზე სომხეთისთვის 2024-2027 წლებისთვის. ეს მოიცავს ბიზნესის მხარდაჭერას, სომხეთსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესებას და ხელს უწყობს რეფორმების ძალისხმევას”.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, სომხეთთან ურთიერთობა სცდება ეკონომიკის სფეროს და მათ შორის, გულისხმობს დიალოგს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე, რომელზეც კომისიამ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა:
“ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ფინანსურ, საცხოვრისით და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას მოწყვლადი პირებისთვის, ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულების ჩათვლით.
ადამიანებს შორის კონტაქტი არის ცენტრალური ჩვენს ურთიერთობაში. ამიტომაც, ვავითარებთ ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგს. მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ კომისიამ დაამტკიცა წინადადება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე. როცა ყველა პირობა შესრულდება და ეს პროცესი დასრულდება, ეს დააახლოებს სომხეთსა და დანარჩენ ევროპას”.
კალასისა და მირზოევის შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში თანამშრომლობის საკითხიც:
“ევროკავშირის მისია სომხეთში ასრულებს მნიშვნელოვან როლს ამ კუთხით. გუშინ ვსტუმრობდი მათ შტაბ-ბინას და პირადად გავეცანი მათ საქმიანობას.
ევროკავშირი და სომხეთი თანამშრომლობენ აგრეთვე კრიზისების მართვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა და მე ახლახან მოვაწერეთ ხელი ჩარჩო შეთანხმებას მონაწილეობაზე, რომელიც სომხეთს შესაძლებლობას აძლევს წვლილი შეიტანოს ევროკავშირის მისიებში გლობალურად”.
არარატ მირზოიანი 30 ივნისის გამოსვლაში გამოეხმაურა ამ საკითხს:
“სომხეთი მიესალმება ევროკავშირის ექსპერტიზას მედეგი უსაფრთხოების სექტორის შექმნის ძალისხმევის მხარდაჭერაში, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და გააძლიერებს სახალხო ნდობას. ვხედავთ აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოებაში დიდი გამოცდილების მქონე ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის უზარმაზარ პოტენციალს. ამისათვის აქტიურად ვაძლიერებთ კავშირებს ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოსთან და ახალი სტრატეგიული პარტნიორობების დასამყარებლად.
ევროკავშირის როლი სომხეთის უსაფრთხოებაში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება. ევროკავშირის მონიტორინგის მისია არის სტაბილიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი რეგიონში. გარდა ამისა, მადლიერი ვართ “ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის” ფარგლებში 2024 წელს გაზრდილი მხარდაჭერის და იმედს ვამყარებთ 2025 წელს ამ დახმარების გაგრძელებაზე ჩვენი მედეგობის ასამაღლებლად.
გვჯერა, კრიზისულ ოპერაციებში ჩვენი ჩართულობა გაზრდის თავსებადობას სომხეთისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის და დააახლოებს ჩვენს სპეციალისტებს, უსაფრთხოების საერთო კულტურის ხელშეწყობით”.
კაია კალასმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არარატ მირზოიანთან განიხილა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაც:
“ევროკავშირი აგრძელებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ძლიერ მხარდაჭერას, რომელიც დაფუძნებული იქნება სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობაზე. ამ სამი პრინციპის დაცვას ალტერნატივა არ გააჩნია.
მოხარულები ვართ და სტიმულს გვაძლევს ორმხრივი ნორმალიზაციის გზაზე პროგრესი, ვინაიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციამ შესაძლოა გზა გაუხსნას ხანგრძლივ მშვიდობას რეგიონში”.
განსახილველ თემებს შორის იყო 26 ივნისის ევროპული საბჭოს მიერ მხარდაჭერილი შავი ზღვის სტრატეგიაც. ევროპული საბჭოს ბოლო დოკუმენტში არც ერთხელ არ არის ნახსენები საქართველო, მათ შორის – არც შავი ზღვის სტრატეგიის შესახებ ნაწილში. კაია კალასმა ერევანში შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა:
“მის განსახორციელებლად ვიმუშავებთ ყველა პარტნიორთან, სომხეთის ჩათვლით. უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარდა, მოწადინებულები ვართ ვიმუშაოთ ამ სტრატეგიის დაკავშირებადობის მიმართულებაზე”.
საუბარი შეეხო აგრეთვე “რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და კერძოდ, რუსეთის ჰიბრიდულ მოქმედებებს ყველა მეზობელ ქვეყანაში”:
“სომხეთის ერთგულებას თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ფასეულობები უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით – ჰიბრიდული საფრთხეების – დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის პირისპირ” – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამოიყოფა საბაზისო დაფინანსება სომხეთის დამოუკიდებელი მედიისთვის.
არარატ მირზოიანის განცხადებით, “დემოკრატია უბრალოდ პოლიტიკური სისტემა არ არის ჩვენთვის, არამედ ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი, ჩვენი მედეგობის ღერძი და ჩვენი მომავლის არსებითი სვეტი”.
2025 წლის 25 მარტს სომხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების დაწყებაზე. მიმდინარე წლის მაისში არარატ მირზოიანის ბრიუსელში სტუმრობისას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზი გაესვა სომხეთთან ევროკავშირის ურთიერთობების “უპრეცედენტო ტემპს”.
ფორუმი
