ევროპა ახალ რეალობას უნდა მოერგოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროპის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მომავლისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენ წინაშე არსებული კრიზისი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ევროპა ვაშინგტონის გრავიტაციის ცენტრში აღარ არის. ეს ცვლილება დიდი ხანია მიმდინარეობს, ის სტრუქტურულია და არა დროებითი“, – განაცხადა კალასმა.
ასევე, მისი თქმით, ნატო „ძალის შენარჩუნების მიზნით უფრო ევროპული უნდა გახდეს“.
„ამის მისაღწევად ევროპამ უნდა იმოქმედოს. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინიციატივები ნატო-სთან თავსებადი იყოს. ნატო-სთან ჩვენი ძალისხმევა უნდა შევათანხმოთ. ბურთი ნატო-ს მოედანზეა. ნატო რაც უფრო მეტ ინფორმაციას გაგვიზიარებს საჭიროებების შესახებ, მით უფრო მეტად შევძლებთ შეთანხმებას“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.




