აქ მკაფიო გზავნილით მოვედი. ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან ასე ახლოს, როგორც ახლა ვართ. წელს თქვენ მიიღეთ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად. მივესალმებით თქვენს მზაობას, გააღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ასევე, დღეს დიდი სიამოვნებით ვაცხადებ ახალი პარტნიორობის დღის წესრიგის მომლაპარაკებლებს შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და მდგრადობის პრიორიტეტებს. ამის მხარდასაჭერად, ევროკავშირი, 2024-2027 წლების პერიოდისთვის, სომხეთისთვის 270 მილიონი ევროს ოდენობის მდგრადობისა და ზრდის გეგმას გამოყოფს. ეს ბიზნესს მხარდაჭერას უწევს. აუმჯობესებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის კავშირს და ხელს უწყობს რეფორმების განხორციელებას“, – აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები ეკონომიკურ საზღვრებს სცილდება.
„თუმცა, ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკურ საზღვრებს სცილდება. ხალხთან კონტაქტები ჩვენი ურთიერთობების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მივიწევთ წინ ვიზალიბერალიზაციის დიალოგში. სიამოვნებით გაცნობებთ, რომ კომისიამ მიიღო ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წინადადება. როგორც კი ყველა პირობა დაკმაყოფილდება და პროცესი დასრულდება, ეს სომხეთსა და დანარჩენ ევროპას დააახლოებს“, – აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების საკითხიც განიხილეს.
„ასევე განვიხილეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები. ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელიც სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვეობის პატივისცემას ეფუძნება. ამ სამ პრინციპს ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა კალასმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის ჰიბრიდული აქტივობები მის მეზობელ ქვეყნებში.
„ასევე განვიხილეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებული მოვლენები და კერძოდ, რუსეთის ჰიბრიდული აქტივობები ყველა ქვეყანაში, ყველა მეზობელ ქვეყანაში. სომხეთის ერთგულება დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ უმნიშვნელოვანესია. ეს ღირებულებები უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და უცხოური ჩარევის პირობებში. ამ კრიტიკულ მომენტში, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ჩვენ გამოვყოფთ მნიშვნელოვან ძირითად დაფინანსებას დამოუკიდებელი მედიისთვის, რათა გააგრძელონ ინფორმაციის გავრცელება სომხეთში დემოკრატიისა და მდგრადობის მხარდასაჭერად. ევროკავშირი მხარს დაუჭერს სომხეთს, რათა წვლილი შეიტანოს მის მდგრადობის გაზრდაში და დაიცვას ეს საერთო ღირებულებები“, – აღნიშნა კალასმა.
