დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის მიცემული 50-დღიანი ულტიმატუმი ძალიან დიდი დროა , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
„ძალიან პოზიტიურია ის, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას იკავებს. მეორეს მხრივ, 50 დღე ძალიან დიდი დროა, როდესაც ვხედავთ, რომ ისინი ყოველდღიურად უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ“, – აღნიშნა კაია კალასმა.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს“.
„ჩვენ ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, დაახლოებით 100%-იან ტარიფებს, მეორად ტარიფებს, თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
