კათოლიკური ეკლესია აღდგომას ზეიმობს

უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ზეიმობს კათოლიკური სამყარო. ყველა კათოლიკური ტაძარი საზეიმოდაა მორთული და მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააღდგომო ლიტურგია, ტრადიციულად, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში შედგა.
„სადღესასწაულო მსახურებას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, აღდგომის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა დავით დავითაშვილმა, წირვას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს იურისტი ალექსანდრე შეყილაძე.
ბათუმში მცხოვრები კათოლიკეები ს სულიწმინდის კათოლიკურ ეკლესიაში შეიკრიბნენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას მამა პავლე დილი უძღვებოდა. ტაძარში მყოფ მრევლსა და სასულიერო პირებს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ სულიერი ამაღლებისა და საყოველთაო განახლების დღესასწაული, მაცხოვრის აღდგომა იზეიმეს რუსთავში მცხოვრებმა კათოლიკეებმა.
საზეიმო წირვა რუსთავის ღვთაებრივი გულმოწყალების სახელობის კათოლიკურ ტაძარში აღავლინა ტაძრის მღვდელმსახურმა, ზურაბ კაკაჩიშვილმა. წირვას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევმა.
ქრისტეს აღდგომა ახალციხეში მცხოვრებმა კათოლიკეებმა ახალციხის რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იზეიმეს. საზეიმო მსახურებას მღვდელი მარეკ პჟეჩევსკი უძღვებოდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ ტაძარში შეკრებილ მრევლს აღდგომა მიულოცა, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.