კავკასიის უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭო განცხადებით გამოეხმაურა უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელშიც უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი წერს, რომ აკადემიური სივრცე პოლიტიკისგან დაცლილი უნდა იყოს.
“კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებულ, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას. აღვნიშნავთ, რომ განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან და ცნობილი გახდა გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიციის შემცველ ამ განცხადებაზე ჩვენი პოზიციის გამოხატვა შევძელით „კავკასიის უნივერსიტეტის“ საბჭოს კვორუმის შედგენისთანავე.
ვაცხადებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო რჩება 7 მაისს უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების ერთგული, რომლითაც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად კიდევ ერთხელ გამოვხატეთ. გვესმის იმ პროცესების ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელშიც ჩართულნი არიან ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ლექტორები და ადმინისტრაცია, ამიტომ სასწავლო პროცესში უნივერსიტეტის მხრიდან თითოეული მათგანისთვის აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა – დაცული იქნება, როგორც მათი გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები, ასევე, აკადემიური დაწესებულებების ავტონომიურობა”, – ნათქვამია მრჩეველთა საბჭოს განცხადებაში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა ამ უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი. ბერიკაშვილი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს, რექტორი კი ამბობს, რომ უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სოსო ბერიკაშვილის გათავისუფლების შესახებ, მისი სოლიდარობის ნიშნად კავკასიის უნივერსიტეტი არაერთმა ლექტორმა დატოვა. მათი უმეტესობა წერს, რომ მათთვის მიუღებელია როგორც ბერიკაშვილის გათავისუფლება, ასევე იმ წერილის სულისკვეთება, რომელზეც რექტორმა მოაწერა ხელი.
14 მაისის საღამოს 6 საათის მონაცემებით, კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს ლექტორებმა:
· ნიკო ნერგაძემ;
· დავით ჭუმბურიძემ;
· ლევან ბერძენიშვილმა;
· დავით ბერძენიშვილმა;
· დავით ქაშიაშვილმა;
· ნინიკო რობაქიძემ;
· სალომე უგულავამ;
· რუსიკო კობახიძემ;
· სალომე აჩბამ.
კავკასიის უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს განცხადების ფონია 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტების გაფიცვა – ახალგაზრდები თვლიან, რომ ქვეყანაში მიმდინარე მძლავრი საპროტესტო ტალღის პირობებში მათი ადგილი აქციებზეა და არა აუდიტორიებში.
“ქართულმა ოცნებამ” “აგენტების კანონი” 14 მაისს მიიღო – მას 84 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა.
პროტესტი ქუჩებში კანონის მიღების შემდეგაც გრძელდება – პოლიციამ 14 მაისს პარლამენტთან, სავარაუდოდ, ათზე მეტი პირი დააკავა. რადიო თავისუფლება ცდილობს დაკავებულთა რაოდენობის დაზუსტებას. დაკავებულთა შორის არიან 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით ქაცარავა.