“არ იცი, რამდენჯერ ვუყურე,“ “ვაიმე, რა საყვარელია,“ “ვინაა? მიყვარს,“ “რაც ამან გუშინ ირბინა… კაი ტიპია,“ “როგორი სხარტი ბიჭია,“ “იუმორით სავსეა,“ “ჩემი ფავორიტი ვიდეოა”, – ეს არის იმ ურიცხვი რაოდენობის კომენტარებიდან რამდენიმე, რასაც “მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი მამნიაშვილის მისამართით ადამიანები სოციალურ ქსელში წერენ. მისი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და სტრესულ სიტუაციაში ადამიანები კარგ განწყობაზე დააყენა.
გიორგი მამნიაშვილი 12 იანვარს, რესტორან “ბაბილოში“ შეკრებილი მოსამართლეების წვეულებას რესტორნის გარე პერიმეტრიდან, კოლეგა ჟურნალისტებთან ერთად აშუქებდა. ამასთან, ექსკლუზიური კადრების მოპოვებაც შეძლო.
“ვარ 20 წლის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მესამეკურსელი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ,“ – გვეუბნება გიორგი მამნიაშვილი.
– გიორგი, ორი დღეა, ყველა შენს ვიდეოს აზიარებს. ბევრმა გაგიცნო და პოპულარული გახდი. როგორი გრძნობაა ეს?
– სხვათა შორის, ეგ შეგრძნება არ მაქვს. სიმართლე რომ ვთქვა, ვერც ვიაზრებ საერთოდ რა ხდება. როლში რომ ვიყავი შესული და ვმუშაობდი, ყურადღებას არ ვაქცევდი, რას ვამბობდი…
– თვითონ ნახე შენი კადრები?
– მას მერე, რაც ვივახშმე, გონზე მოვედი, მერე ვუყურე.
– 12 იანვრის საღამო რესტორან “ბაბილოსთან“ რომ აღვიდგინოთ – შენთვის როგორ და როდის დაიწყო?
– ადგილზე დაახლოებით 4:00 საათისთვის მივედი. სანამ ოპერატორი მოვიდოდა, ვიდექი იმ ხალხთან ერთად და იმ უსამართლობას, რაც ბოლო პერიოდია ჩვენს ქვეყანაში ხდება, მეც ვაპროტესტებდი. შემდეგ მეგობართან სახლში ავედი, რომ სამუშაოდ მოვმზადებულიყავი, ტელეფონი დავტენე, მოვწესრიგდი და ადგილზე დავბრუნდი. ოპერატორიც მოვიდა. ვითარება უკვე ძალიან დაძაბული იყო, რადგან რამდენიმე მოსამართლემ ტერიტორია დატოვა. აქციის მონაწილეები კვერცხებს ისროდნენ.
მოსამართლეები რესტორნიდან ეტაპობრივად გამოდიოდნენ, დაახლოებით ნახევარ საათში ერთხელ. ხაზზე ვიყავი და მათ გვერდიდან არ ვშორდებოდი. მაქსიმალურად ვუსვამდი იმ კითხვებს, რაზე პასუხიც იმ დროისთვის და საერთოდ, ახლაც საზოგადოებას მათგან აინტერესებს.
– რაღაც ეტაპზე ისეთ ადგილას აღმოჩნდი, რომ იქ სხვა ჟურნალისტები არ ჩანდნენ. შესაბამისად გქონდა ექსკლუზიური კადრებიც… როგორ მოახერხე?
– კი, ერთადერთი იყო ჩვენი ტელევიზია, ვისაც ეგ კადრები ჰქონდა. როდესაც განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის მიერ კორდონი გაკეთდა, მათ ჟურნალისტები და ხალხის ნაკადი ოდნავ წინ წამოსწიეს, რომ მოსამართლეებს შენობა თავისუფლად დაეტოვებინათ, რომ დისკომფორტი არ შეჰქმნოდათ. როგორც კი მივხვდი, რომ ეს სცენარი ვითარდებოდა, გადავწყვიტე იქიდან სხვა ადგილზე გადავსულიყავი. დიღმის მასივი კარგად ვიცი და შესაბამისად, პატარ-პატარა ჩიხებით ნელ-ნელა გავძვერი იქითკენ, საიდანაც უფრო შევძლებდი მათთვის კითხვების დასმას.
იქ არც ერთი ტელევიზიის წარმომადგენელი არ ყოფილა. აღმოვჩნდი ადგილას, სადაც მოსამართლეებს მანქანები ეყენათ.
– სადაც უკვე კითხვებით ხვდებოდი, მაგრამ ისინი გაგირბოდნენ… ემოციურად რას გრძნობდი?
– მანამდეც ვიცოდი, რომ ტერიტორიას კომენტარის გარეშე დატოვებდნენ, რადგან სავარაუდოდ, ასეთი დავალება ჰქონდათ, რომ კითხვებზე პასუხი ჟურნალისტებისთვის არ უნდა გაეცათ. მათი უმრავლესობა ასეც მოიქცა… აქ მთავარი იყო, რომ მქონდა ის კადრები, თუ როგორ ტოვებდნენ ისინი ტერიტორიას. რაც შეეხება მათ დევნას და კითხვების დასმას, ეს ჩემთვის უცხო არ ყოფილა, არც გამჭირვებია. საკმაოდ მშვიდად ვიყავი და ასევე ვსვამდი კითხვებს.