„კაბუს” მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს

დაკავებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს” მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ბუნებრივია, გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე არ ეთანხმება და კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მიგვაჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული. ბრალდებულს ვედავებით გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ასევე მუქარას, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბრალდებულმა ავტომანქანით მოძრაობისას გენდერული ნიშნით, მასთან ერთად მყოფ ქალბატონს დანის ტარი დაარტყა მუხლის არეში, ასევე დანის დემონსტრირებით დაემუქრა დასახიჩრებით და სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას”,- განაცხადა გოგალაძემ.
მისივე განმარტებით, დაზარებულს დაზიანებებთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ცნობისთვის, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე „კაბუს“ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.
ის პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო