„კაბელების საქმის“ ერთ-ერთი მოსამართლე „ოცნებისგან“ მომდინარე მუქარას იხსენებს

ე.წ. კაბელების საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი ტვ პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ, თუ „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა.
„იყო მუქარა, თხოვნა, მოსყიდვის მცდელობა, დაშინება, ბავშვის გატაცების მცდელობაც კი. იყო მუქარის წერილები მეუღლის მიმართ, პროკურატურის მხრიდანაც და იმ ცნობილი ოდიოზური ფიგურის, ფარცხალაძის მხრიდანაც, ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან, მოქმედი გენპროკურორის მხრიდან, უზენაესი სასამართლოს იმ პერიოდის თავმჯდომარის მხრიდან. ბევრი მხარე იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში, მცდელობებში, რომ გადაწყვეტილება ყოფილიყო ისეთი, როგორიც სურდა პროკურატურას.
სამოსამართლეო 10-წლიანი ვადა მიმთავრდებოდა სექტემბერში. ერთ-ერთი პირობა და დაპირება იყო, რომ ამ ვადას უპირობოდ გამიგრძელებდნენ, უვადოდაც დავინიშნებოდი, არა მხოლოდ პირველი ინსტანციის, არამედ უზენაეს სასამართლოშიც კი“, — აღნიშნავს დავით ჯუღელი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე საიას მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.
„სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ექვსივე ბრალდებულთან მიმართებით დადასტურებული იყო პირველივე ინსტანციის განხილვის დროს. მსჯელობა არის აპელაციაში და კასაციაში დაშვებულ გადაცდომებზე სასამართლოს მხრიდან და საუბარია უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რაზეც ჩემს გადაწყვეტილებაშიც ვრცლად იყო საუბარი. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და ყველა ის მტკიცებულება დაუშვა საქმეზე, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა. ამ საქმეში პოლიტიკური დაკვეთა იყო, მეტი არაფერი“, — ამბობს დავით ჯუღელი.
„კაბელების“, ანუ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე, „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა. საქმე დაიწყო 2014 წლის ოქტომბერში, როდესაც პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის ბრალდებით. ამ დროს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობები უკვე იძაბებოდა.
დაცვის მხარე ბრალდებას უარყოფდა. თავდაცვის მინისტრი მაშინ ირაკლი ალასანია იყო “თავისუფალი დემოკრატებიდან”, რომელიც აცხადებდა, რომ მაღალჩინოსნების დაკავებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და ხელს „ქართულ ოცნებას“ ადებდა. „თავისუფალი დემოკრატები“ მაშინვე საუბრობდნენ პირადად ს პასუხისმგებლობაზე.
“საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევასთან თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან”, — ამბობდა მაშინ ირაკლი ალასანია.
ამ განცხადების გაკეთების დღესვე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა ირაკლი ალასანია. “თავისუფალმა დემოკრატებმა” დატოვეს კოალიცია “ქართული ოცნება”.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა, ხოლო 30 ოქტომბერს ყველა მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი წინასწარი პატიმრობიდან 8 თვის შემდეგ, გირაოს გარეშე, „თავისუფალი დემოკრატების“, დეპუტატების, თავდაცვის რამდენიმე ყოფილი მინისტრის მხრიდან პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება სწორედ დავით ჯუღელმა მიიღო.
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები 2016 წლის 16 მაისს ისევ დააკავეს, რადგანაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით, მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (ეს გადაწყვეტილება უკვე მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო და არა ჯუღელმა) და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა. საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში.
2017 წლის იანვარში სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნებისადმი წარდგენილი მუხლი [გაფლანგვა] სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადააკვალიფიცირა, რამაც სასჯელის ოდენობის შემცირება გამოიწვია. გადაკვალიფიცირებული მუხლით თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრათ, თუმცა, რადგანაც ისინი 1 წელი და 4 თვე უკვე დაკავებული იყვნენ, პატიმრობის რეალური ვადა 2 თვემდე შემცირდა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისინი 2017 წლის იანვარშივე შეიწყალა.