„იწყება ახალი ეტაპი“ — გაფიცულმა სტუდენტებმა თეატრალური უნივერსიტეტის შენობა დატოვეს

თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობა, როგორც თავად აღნიშნავენ, იძულებით დატოვეს, თუმცა ბრძოლის ახალ და უფრო ძლიერ ეტაპზე გადადიან.
სტუდენტებს უნივერსიტეტის ფოიე 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. ისინი ამბობენ, რომ წასვლის გადაწყვეტილებას არც ახლა მიიღებდნენ, რომ არა უნივერსიტეტის მხრიდან სხვადასხვა მანიპულაცია და სტუდენტებთან პოლიციის შუამავლობით მუქარა.
პროტესტის მონაწილე სტუდენტების მიმართ უნივერსიტეტისა და პოლიციის პრეტენზიების საფუძველი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ განახლებული კანონია. გაფიცვაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან წერილობითი ნებართვის არარსებობა პოლიციას მათი კვლავ და კვლავ დაჯარიმების საშუალებას აძლევს და დასაკავებლადაც კი უხსნის გზას.
„ჩვენი პროტესტის იდეა ისაა, რომ სტუდენტების ხმა ისმოდეს უნივერსიტეტში, ეგ შეუძლებელია იმ პირობებში, რასაც უნივერსიტეტი გვთავაზობს და ჩვენ ამას არ დავთანხმდებით. დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციული პატიმრობა გველოდა. იძულებულები გავხდით, რომ დაგვეტოვებინა შენობა. ახლაც დგას უნივერსიტეტთან დაკავების მანქანა და ორი შკოდა.
სხვა სტუდენტებთან ახლო კონტაქტი გვაქვს. აუცილებლად მოჰყვება ჩვენი საპასუხო რეაქცია და ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა იმ ყველაფრის გამო, როგორც 80-ზე მეტი დღის მანძილზე გვექცეოდნენ და რითაც დღეს დააგვირგვინეს“, — ამბობს ნეტგაზეთთან მაშო მაყაშვილი, თეატრალურის ერთ-ერთი გაფიცული სტუდენტი.
დღეს შუადღით თეატრალურის გაფიცული სტუდენტები პოლიციამ 5000-5000 ლარით უკვე დააჯარიმა. ყველაფერი დილით ადრე დაიწყო, როდესაც უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყეს და სტუდენტები, მათი თქმით, ხსნარების სუნმა გააღვიძა.
მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შესთავაზეს, ადგილს შეიცვლიდნენ, უნივერსიტეტი ამას არ დასთანხმდა და შესთავაზა სალაროს სივრცის დაკავება. ამ შეთავაზებაზე უკვე სტუდენტებმა თქვეს უარი, ფართის სიმცირის და იმის გამო, რომ იქიდან ფოიეში დაბრუნების უფლება აღარ მიეცემოდათ. სტუდენტები შენობის დატოვების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და უნივერსიტეტმა პოლიცია პირველად მაშინ გამოიძახა.
პოლიციამ უნივერსიტეტი მალევე დატოვა, თუმცა მათი მხრიდან გაიჟღერა მუქარამ, რომ შემდეგ ჯერზე დააჯარიმებდნენ. პოლიცია დაახლოებით ერთ საათში დაბრუნდა და ყველა სტუდენტი, ვინც უნივერსიტეტში დილიდან იმყოფებოდა, დაახლოებით 10-15 მათგანი, 5000-5000 ლარით დააჯარიმეს.
„ეს არ არის ჯარიმა, ეს არის ფსიქოლოგიური, მორალური და ფიზიკური ტერორი. ტერორისტია სახელმწიფო, რომელიც ასეთ კანონებს იღებს. ტერორისტია პოლიცია, რომელიც ამ კანონებს აღასრულებს. ტერორისტია თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი“, — ასე გამოეხმაურა რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე სტუდენტების დაჯარიმების ფაქტს თეატრალურ უნივერსიტეტში.