იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება

15 წევრისგან შემდგარ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტი 5 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 2 წევრს აირჩევს. საბჭოში მოსამართლეთა რაოდენობა კი იზრდება – საბჭო 9 მოსამართლე წევრის ნაცვლად, 12 მოსამართლით იქნება წარმოდგენილი, პრეზიდენტი კი კვლავ ერთ წევრს დანიშნავს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში იცვლება.
“მოსამართლეთა ამგვარი ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობის არსებობა მართლმსაჯულების საბჭოში საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადია. აღნიშნული მოდელი ხელს შეუწყობს სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებას და სისტემისთვის ყველა აუცილებელი გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად მიღებას მხოლოდ მოსამართლე წევრების მხარდაჭერითაც კი“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
გარდა აღნიშნულისა, ცვლილებებით, უქმდება კანონის მოქმედი რედაქციით საბჭოს დაკომპლექტებისას დაწესებული შეზღუდვა – საბჭოს მოსამართლე წევრთაგან თითო წევრი მაინც თითოეული ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენდეს. ასევე უქმდება საბჭოს წევრთა განახლებასთან მიმართებით დაწესებული შეზღუდვა, რომელიმე 6-თვიან პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტ წევრთა არჩევის დაუშვებლობის შესახებ.
“ამჟამად მოქმედი შეზღუდვის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა წევრის პირობებში, ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე მოსამართლეთა რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ უნდა აღემატებოდეს ოთხს. ვინაიდან ამგვარი წესით არჩეულ მოსამართლეთა რაოდენობა 8-დან 11-მდე იზრდება, ლოგიკურია, რომ გაიზარდოს საბჭოში ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე მოსამართლეთა რაოდენობაც. მოსამართლეთა თვითმმართველ ორგანოს უნდა შეეძლოს, შეუზღუდავად აირჩიოს მისთვის სასურველი მოსამართლე საბჭოში, მიუხედავად იმისა, ეს მოსამართლე იკავებს თუ არა ადმინისტრაციულ თანამდებობას სასამართლოში ან თუ რომელი ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავის დროზე ნამსჯელი აქვს ვენეციის კომისიასაც, სადაც მითითებულია, რომ ადვილად გასაგებია იმის უზრუნველყოფის სურვილი, რომ უმაღლესი საბჭო არ წარმოადგენდეს მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელობას, თუმცა თუ საბჭო მთლიანად სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენს, მაშინ არასწორი იქნება ჩამოერთვას სასამართლო სისტემის რომელიმე წევრს შესაძლებლობა, იყოს არჩეული. ვენეციის კომისია თვლის, რომ ამ არგუმენტების გათვალისწინება უნდა მოხდეს თავად ამრჩევ პირთა მიერ, როდესაც ისინი წყვეტენ, უნდა იქნეს თუ არა მათი კოლეგა აღჭურვილი იმ უფლებამოსილებით, რომელსაც საბჭოს წევრობის მანდატი ითვალისწინებს. უფრო მეტიც, ზემოხსენებულმა არგუმენტებმა გარკვეულწილად დაკარგა მნიშვნელოვანი წონა ახლა, როდესაც საბჭოს წევრთა ფარული კენჭისყრით ჩატარდება. იუსტიციის საბჭოების შექმნის ლოგიკა გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად მცირე რაოდენობის შეზღუდვები დაწესდეს მოსამართლეთა უფლებაზე, აირჩიონ თავიანთ კოლეგებს შორის მათთვის სასურველი პირები, რომლებიც მათ წარმოადგენენ საბჭოში“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.