პატიმარი გიორგი ახობაძე ციხიდან ზარის საშუალებით აუდიო მიმართვას ავრცელებს.
ის ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმადაც ციხეში გაგრილების სისტემა შეუფერხებლად ფუნქციონირებს.
„არავითარი ცენტრალური გაგრილების სისტემა ციხეში არ არის. საკანში კედელში დამაგრებულია ღია სივრცისთვის, ე.წ. outdoor (გარეთ) გამოსაყენებელი წყლის წვეთების გამფრქვევი ვენტილატორი. ეს მოწყობილობა არ არის ოთახისთვის შექმნილი. ამაში ფული ვინ გაფლანგა, ცალკე მოკვლევის საკითხია. ეს მოწყობილობა მუშაობისას წარმოქმნის იმგვარ ხმაურს, რომ ერთმანეთის საუბრის მოსმენა შეუძლებელი ხდება. ასე რომ, ეს ვითომ გაგრილების სისტემა თვითონ დაიყენოს [იუსტიციის მინისტრმა] სალიამ სახლში, თუ ასეთად აიდენტიფიცირებს“, — აცხადებს ახობაძე.
ის ხაზს უსვამს ფონური ხმაურის გავლენაზე ჯანმრთელობაზე.
„თუ ვინმემ არ იცის, ვეტყვი, რომ ის ხმა, რასაც ეს ვითომ გაგრილების სისტემა გამოსცემს, საზიანოა მენტალური ჯანმრთელობისთვის. აქ ხალხი ბეტონის კოლოფებშია მოთავსებული და მათი მენტალური მდგომარეობა ისედაც არ არის ნორმალური. რაც შეეხება მაღაზიას, ამ ხმაურის მერე მოგვყიდეს ერთი ცალი ინდივიდუალური, პატარა ვენტილატორი და მეტი არ გვაქვსო. ეს ერთიც აშკარად ვიღაცაზე იყო გაყიდული და მისი სახელი ეწერა.
რაც შეეხება სიცხეს, ეს ჩემი კაპრიზი არ არის. ეს ტემპერატურა საშიშია ჯანმრთელობისთვის და პოტენციურად შეიძლება გახდეს პატიმრის გაუწყლოების მიზეზი, რამაც ზოგ შემთხვევაში, ქრონიკული დაავადების მქონე პატიმრებში შეიძლება შექმნას სიკვდილის რისკი“, — აცხადებს ახობაძე.
მისი თქმით, პატიმრების და ადვოკატების მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ციხის ადმინისტრაციამ მათ ათხოვა ორი ვენტილატორი, რომელიც, „ფაქტობრივად, სართულის ოფიცრებს წაართვეს“.
„ჩვენ აქ არ ვზივართ ადამიანები, ვინც სხვისი ტანჯვის ხარჯზე თანახმა ვართ საკუთარი კომფორტი შევიქმნათ. ზუსტად ისევე ცხელათ ციხის თანამშრომლებს, როგორც ჩვენ. ამიტომ კეთილი ინებოს იუსტიციის სამინისტრომდა ზედამხედველობა გაუკეთოს ყველა პატიმრის გასაგრილებელი მოწყობილობით უზრუნველყოფას, ვისაც ამის სურვილი აქვს“, — აცხადებს ახობაძე.
პატიმრებმა და ადვოკატებმა მანამდე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვენტილატორის ყიდვასაც ვერ ახერხებენ, რადგან ციხის მაღაზიაში არ იყიდება.
იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ ციხეში გაგრილების სისტემა შეუფერხებლად ფუნქციონირებს და ციხის მაღაზიაშიც ხელმისაწვდომია ვენტილატორი.




