იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე, „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ბრიფინგზე გამოეხმაურა. „სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ“, – ასე შეაფასა ბრეგაძემ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქართული სასამართლოს განაჩენით, სასჯელს იხდის ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემისა და გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე. მას მისჯილი აქვს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.
„მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას და სტრასბურგში დავობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე. სააკაშვილი ასევე დამატებით აცხადებდა, რომ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების თაობაზე მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებისათვის, რაც პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას წარმოადგენდა და ეს ვერ გახდებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი, – განმარტა რატი ბრეგაძემ და დაამატა, – ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან. ეჭვქვეშ არ დგება მოსამართლის მიუკერძოებლობა, აგრეთვე ორივე საქმეში არსებობდა სარწმუნო, უტყუარი და კარგად დასაბუთებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ დანაშაულების ჩადენა.“
რატი ბრეგაძის თქმით, სასამართლო პროცედურები წარიმართა სამართლიანად და მსჯავრდადება არის კარგად დასაბუთებული.
მინისტრის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ ასევე გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება შესაძლოა, სისხლისსამართლებრივად დასჯადი იყოს.
„რაც შეეხება სააკაშვილის პრეტენზიებს, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, სტრასბურგის სასამართლომ ეს ბრალდება დაუშვებლად ჩათვალა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 23 მაისს, გამოაქვეყნა.
ექსპრეზიდენტს საქართველოს სასამართლოებში მის მიმართ გამოტანილი ორი განაჩენის შესახებ ჰქონდა შეტანილი განაცხადი სტრასბურგში. ეს ეხებოდა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებს.
· ევროსასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) პირველი და მესამე (დ) პუნქტების დარღვევა არ დაადგინა;
· სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე – არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს) დარღვევა;
· ევროსასამართლომ არ დაუშვა საჩივარი, რომელიც შეტანილი იყო მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები – დაუშვებელია შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნით, რისთვისაც ისინი არის გათვალისწინებული) საფუძველზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – 36 ქვეყნის მოწოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოურ გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს, მორიგი მცდელობაა იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს