“ქვეყანაში შრომითი დავების გადაწყვეტა საკმაოდ მწვავე პრობლემა იყო და დღემდე რჩება”, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში “საქმიანი დილა” იურისტმა, დათო კესარელმა ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, იურიდიულ ფირმებში მომართვიანობა როგორც დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლების მხრიდან გაზრდილია, რაც საჯარო სექტორში გაზრდილი რეორგანიზაციებითაა განპირობებული. ამასთან, გაზრდილია სამუშაო ადგილების შემცირებაც.
“მიმდინარე წელს, მომართვიანობა როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლების მხრიდან გაზრდილია, რასაც ჩვენ გასული წლის პერიოდს ვუკავშირებთ. აღნიშნული ტენდენცია, წელს ყოველთვიურად მზარდია. რაც შეეხება სამუშაო ადგილების შემცირებას, მას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს საჯარო სექტორში არსებული მდგომარეობით, ასევე კერძო სექტორში მიმდინარე პროცესებით. თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური და სხვა სახის პროცესები, ასევე საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესები არსებულ სტატისტიკაზე გავლენას ახდენს”, – ამბობს იურისტი.
დათო კესარელი საჯარო სექტორში რეორგანიზაციების მზარდ ტენდენციაზე მიუთითებს. მისი თქმით, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში რეორგანიზაციის მანკიერი პრაქტიკა არსებობს, რომელიც თანამშრომლის გათავისუფლების მიზნით ხდება. თუმცა ის დასძენს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, გარკვეული საქმიანობების შეჩერება გამომწვევი მიზეზი გახდა, რომ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს კადრები შეემცირებინათ ან საერთოდაც, წარმომადგენლობები საქართველოში დაეხურათ.
“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში რეორგანიზაცია თანამშრომლის გათავისუფლებით სრულდება. თუმცა რეორგანიზაცია თავისი არსით გულისხმობს იმას, რომ განვახორციელოთ ისეთი ცვლილებები, რომ შევინარჩუნოთ თანამშრომელი, ან კადრი სხვა პოზიციაზე გადავიყვანოთ. ეს პროცესი ერთ და ორ დღეში არ წყდება და იურისტებთან ერთად უნდა დაიგეგმოს.
ქვეყანაში შრომითი დავების გადაწყვეტა საკმაოდ მწვავე პრობლემა იყო და დღემდე რჩება. სასამართლო ვერ ვიტყოდი, რომ ეფექტური საშუალებაა მისი დროის ვადების გათვალისწინებით და საქმე ძალიან ჭიანურდება ხოლმე. შესაბამისად, ფაქტები და ვარაუდები რაზედაც ვსაუბრობთ, ორივე მხარეს აიძულებს, რომ რაღაცნაირად მოლაპარაკების გზით შეთანხმდნენ. ხოლო ჩვენი როლი ძირითადად კონსულტაციები და აქტიური ჩართულობაა, მიზეზის წარმოშობის ეტაპზევე”, – აცხადებს დათო კესარელი.
ინფორმაციისთვის, 2024 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობა შემცირდა. მაგალითად, თუ 2024 წელს უმუშევრობის წილი 13.9% იყო, წინა წელს კი 16.4%. მიუხედავად წლიური შემცირებისა, 2024 წლის კვარტალური მონაცემების მიხედვით, წლის ბოლოს უმუშევრობა გაიზარდა და წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პროცენტი დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობამ საქართველოში 14.2% შეადგინა, პირველი კვარტალი – 14%, მეორე კვარტალი – 13.7%, ხოლო მესამე კვარტალი – 13.8%. ამასთანავე, მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმუშევარი ადამიანების რიცხვი 8.2 ათასით გაიზარდა.
