„იურიდიული განათლება თუ არ გაქვს, ოქმი როგორ შეადგინე“? – გამოჰკითხეს პოლიციელები, რომლებიც „კოლეგას იცავდნენ“

შესაძლებელია, რომ სამართალდარღვევის ოქმი გამოწეროს და ადმინისტრაციული დავის მუხლი ჩამოაყალიბოს დეტექტივმა, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს, კი ამტკიცებს, რომ ეს კანონით დაშვებულია, – ეს გაიგეს დღეს აქტივისტების, თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესზე დამსწრეებმა.
თორნიკე სხვიტარიძესა და ანი ქავთარაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავება.
„მონა“, „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“, „მხდალი“ , „ნაძირალა“ – შსს-ს იურისტები, მარიამ კერესელიძე და თამთა ქიმბარიშვილი ამტკიცებენ, რომ სხვიტარიძე და ქავთარაძე ამ სიტყვებს ეძახდნენ დაკითხვიდან გამოსულ პოლიციელს, მირიან ქავთარაძეს.
· თორნიკე სხვიტარიძე პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დემონსტრანტის, საბა სხვიტარიძის ძმაა.
· ანი ქავთარაძე წარმოადგენს კოალიციას „ცვლილებისთვის“.
· 2025 წლის 17 აპრილს მირიან ქავთარაძე საბა სხვიტარიძის პროცესზე გამოჰკითხეს. თორნიკე სხვიტარიძე ამ დროს სხდომათა დარბაზში იყო, ანი ქავთარაძე – გარეთ.
· მას შემდეგ, რაც პოლიციელის გამოკითხვა დასრულდა, მირიან ქავთარაძეს საბა სხვიტარიძის მხარდამჭერებმა ე.წ სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის შეძახილები, მათ შორის „მონა“.
„შერჩევითი სამართალი“
„შერჩევითი სამართლის დღე იყო 17 აპრილი“, – ამბობს ადვოკატი მარიკა არევაძე.
ის უთითებს დარბაზში მყოფ თეონა ჭალიძეზე და ამბობს, რომ მას გაარტყა სახეში ხელი მირიან ქავთარაძემ 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ წინ, რასაც მოჰყვა დაპირისპირება და რის შემდეგაც საბა სხვიტარიძე მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.