ჩეხეთმა და 22 სხვა ქვეყანამ პრესის თავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის იუნესკოს/გილერმო კანოს მსოფლიო პრემიაზე წარადგინეს რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან რუსეთში პატიმრობაში იმყოფება.
იუნესკოს/გილერმო კანოს მსოფლიო პრემია ყოველწლიურად გადაეცემა პირს ან ორგანიზაციას, რომელმაც “მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრესის თავისუფლების დაცვაში ან მის პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საქმიანობა მოიცავს რისკს ან რეპრესიებს.”
ჯილდოს მფლობელი შეირჩევა დამოუკიდებელი ჟიურის რეკომენდაციით, რომელიც შედგება 12 ადამიანისგან. კანდიდატები შეიძლება წარადგინონ პრესის პრობლემებზე მომუშავე რეგიონულმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პრესის თავისუფლებას ეხება, ასევე იუნესკოს წევრმა სახელმწიფოებმა.
ალსუ კურმაშევას აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. დაკავებამდე ის ქმართან და შვილებთან ერთად პრაღაში ცხოვრობდა. გასული წლის მაისის შუა რიცხვებში ის ოჯახური მდგომარეობის გამო მშობლიურ ქალაქ ყაზანში ჩავიდა.
2023 წლის 2 ივნისს, გაფრენის წინ, ალსუ ყაზანის აეროპორტში დააკავეს. მას ამერიკული და რუსული პასპორტები ჩამოართვეს. რამდენიმე დღეში ჟურნალისტის მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მეორე მოქალაქეობის შესახებ შეუტყობინებლობაზე. მას გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს, საქმის გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. ოქტომბერში ყაზანის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 10 ათასი რუბლით დააჯარიმა.
განაჩენის გამოცხადებიდან ერთ კვირაში, 18 ოქტომბერს, ჟურნალისტი კვლავ დააკავეს. მას სისხლის სამართლის ახალი ბრალდება წარუდგინეს. ალსუ კურმაშევას ბრალი ედება იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ წარუდგინა თავისი საბუთები, „უცხოეთის აგენტთა“ რეესტრში შესაყვანად. ეს ამ მუხლით პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა.
23 ოქტომბერს ალსუ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. თვე-ნახევრის შემდეგ ჟურნალისტის მიმართ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რუსული არმიის წინააღმდეგ „სიყალბის“ გავრცელების ბრალდებით, რასაც საფუძვლად დაედო Idel.Реалии-ს რედაქციის მიერ გამოქვეყნებული წიგნი „არა ომს. 40 ისტორია რუსებზე, რომლებიც უკრაინაში შეჭრას ეწინააღმდეგებიან“.
ყაზანის რაიონულმა სასამართლომ 1 თებერვალს 5 აპრილამდე გააგრძელა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას პატიმრობის ვადა.