იტალიაში იმართება რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც შესაძლოა, მოქალაქეობის მინიჭება გამარტივდეს. ხმის მიცემა დღეს დაიწყო და ხვალამდე გაგრძელდება. წინასწარი შედეგები კი ხვალვე გახდება ცნობილი.
რეფერენდუმში იტალიელებმა უნდა უპასუხონ კითხვას: უჭერენ თუ არა მხარს ბინადრობის პერიოდის 5 წლამდე შემცირებას, რაც იტალიის მოქალაქეობის მინიჭებისთვის არის საჭირო. მიგრანტები რეფერენდუმის პარალელურად აწარმოებენ კამპანიას რეფერენდუმში მონაწილეების რაოდენობის გასაზრდელად – იმისათვის რომ ის შემდგარად ჩაითვალოს, საჭიროა ამომრჩეველთა 50%-ის მონაწილეობა. წინასწარ ცნობილია იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის დამოკიდებულება ამ კენჭისყრის შესახებ – ის მოქალაქეობის მინიჭების წესის გამარტივების წინააღმდეგია და არც რეფერენდუმში აპირებს მონაწილეობის მიღებას. მელონი თვლის, რომ: “ამჟამინდელი სისტემა არის შესანიშნავი და ყველაზე ღია.”
“ჩვენ წლების განმავლობაში იმ ევროპულ ქვეყნებს შორის ვართ, რომლებიც ყოველწლიურად ყველაზე მეტ უცხოელს ანიჭებს მოქალაქეობას”.
ამჟამინდელი კანონმდებლობით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც არ არიან დაქორწინებული იტალიელზე და არ აქვთ ნათესაური კავშირი იტალიასთან, ქვეყანაში მინიმუმ 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ მანამ, ვიდრე მოქალაქეობის მინიჭებაზე შეიტანენ განაცხადს, რომლის განხილვასაც, ასევე, შეიძლება წლები დასჭირდეს.
თუ რეფერენდუმის იდეას მხარი დაუჭირეს, ეს მილიონზე მეტ უცხოელს შეეხება, რომლებიც ახლა იტალიაში ცხოვრობენ. რეფერენდუმის ინიციატორი მემარცხენე ოპოზიციური პარტიები არიან. მოქალაქეობის მიღებისას გათვალისწინებული იქნება განმცხადებლის კრიმინალური ისტორია, დასაქმებულის სტატუსი და სხვა გარემოებები.
წყარო: “რადიო თავისუფლება”
