იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო საქართველოში გამართული მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025″ მონაწილე იტალიელ სამხედროებს შეხვდა.
იტალიის საელჩოს ცნობით, სამხედრო სწავლებაში იტალიის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტი იყო ჩართული.
„წარმატებით დასრულდა საქართველოში გამართული მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება “მტკიცე სული 2025″ (Agile Spirit 2025), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობით ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
21 ივლისის – 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარებულმა სწავლებამ ხელი შეუწყო ნატოს წევრი და პარტნიორი 12 ქვეყნის თანამშრომლობის გაძლიერებას და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. მასში იტალიის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტი იყო ჩართული.
შეხვედრაზე, რომელსაც იტალიის შეიარაღებული ძალების შეფასებისა და ინოვაციის სარდლობის მაიორი ჯუზეპე კაპასო, ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის მრავალეროვნული დივიზია-სამხრეთის კარაბინიერების კაპიტანი როკო რეკუპერო და პოლკი “Savoia Cavalleria” (3°) ლეიტენანტი ანდრეა ბონფილიო ესწრებოდნენ, იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ კმაყოფილებით აღნიშნა იტალიელი სამხედროების მიერ გამოვლენილი პროფესიონალიზმი.
იტალიელმა ოფიცრებმა მონაწილეობა მიიღეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გამართულ მრავალმხრივ აქტივობებში, რომლებიც Command Post Exercise (CPX) და Field Training Exercise (FTX) წვრთნებს მოიცავდა. აღნიშნულმა წვრთნებმა ხელი შეუწყო სწავლების მონაწილე თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის პროცედურებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლას. ხაზი გაესვა ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას იტალიასა და საქართველოს შორის თანმშრომლობის განვითარების კუთხით“, – ნათქვამია იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
