იტალია – საქართველოს სავაჭრო პალატას დაფუძნებიდან 4 თვის შემდეგ, 19 ივნისს ორგანიზაცია წევრ კომპანიებთან ოფიციალურ შეხვედრას გეგმავს. ორგანიზაცია კერძო სექტორის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანი, ბიზნესებს შორის კომუნიკაციის გამარტივება, პრობლემების გადაჭრაში დახმარება, საინფორმაციო პლატფორმების შექმნა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა.
იტალია-საქართველოს სავაჭრო პალატის თანადამფუძნებელი, მარტა იმანეო BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ საუბრისას აცხადებს, რომ 3 წლის წინ, როდესაც საქართველოში იტალიიდან ღვინის საწარმოებლად ჩამოვიდა, აღმოაჩინა, რომ არ არსებობდა იტალიასთან სავაჭრო ქსელი, რომელიც ბიზნესის წარმოებას გაუმარტივებდა. მისი თქმით, სწორედ აღნიშნული გახდა ბიძგი იმისა, რომ ორგანიზაცია შეექმნა, რომელიც ორივე ქვეყნის ბიზნეს კავშირებს გაამარტივებდა, ამასთან ცნობიერების ამაღლებასა და სექტორების განვითარებაში წვლილს შეიტანდა.
“იტალიიდან ვარ და საქართველოში ჩამოვედი იმისათვის, რომ ღვინის წარმოება დამეწყო, თუმცა ბიზნესის წარმოებისას გავიაზრე, რომ არ იყო ქსელი იტალიასა და საქართველოს შორის, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, რომ რესურსები გაგვეზიარებინა. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა და ამ დროისათვის, უკვე 20 წევრი კომპანია გვყავს.
საქართველო-იტალიას ვაჭრობას რომ ვაკვირდებით, იტალიელებს სურთ რომ ადგილობრივი პარტნიორები ჰყავდეთ. ყოველთვის ვეძებთ ადგილობრივ წარმომადგენელს, პარტნიორს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული კომპანიები იტალიური ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები ხდებიან და პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ იტალიასთან. გარდა ამისა, ტექნოლოგიის მიმართულებასაც მოვიცავთ. მაგალითად, სხვადასხვა აღჭურვილობები იტალიური ეტიკეტებით არის დასტიკერებული. ასევე, ნუშის მოსავლის აღების პერიოდში იტალიურ ტექნიკა და ტექნოლოგიები გამოიყენება. ამასთან, ბევრ საინჟინრო და IT კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, სატენდერო პროექტებზეც ვმუშაობთ“, – ამბობს ორგანიზაციის თანადამფუძნებელი.
ის გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მათი გამოწვევა არის ის, რომ კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიებიდან არიან, რომლებსაც ღირებულება და სერვისი უნდა მიეწოდოს. ამასთან, მარტა იმანეო განათლების საკითხზეც საუბრობს და აცხადებს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ იტალია სტუმარმასპინძლობის ჰაბის წამყვანი აქტორია, იგეგმება სექტორის წარმომადგენლების ან იტალიაში გადამზადებისთვის გაგზავნა, ან თავად იტალიიდან სპეციალისტების მოწვევა.
“ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სავაჭრო პალატის არის ის, რომ კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიიდან არიან. მნიშვნელოვანია, რომ ღირებულება და სერვისი ყველა მათგანს მივაწოდოთ. ამიტომ, როდესაც ისინი არიან წამყვანი ინდუსტრიები ვაჭრობის მიმართულებით, არ უნდა დავიკარგოთ ამ მრავალფეროვნებაში.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საგანმანათლებლო საკითხი ბევრჯერ წამოიჭრა. განსაკუთრებით სტუმარმასპინძლობის სექტორში. იტალია არის სტუმარმასპინძლობის ჰაბის წამყვანი აქტორი. ამ შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლა იქნებოდა ის, რომ კონკრეტული სექტორის წარმომადგენლებს იტალიაში გავგზავნით, ან პირიქით სპეციალისტებს საქართველოში ცოდნის გაცვლის მიზნით მოვიწვევთ. მათ შორის ღვინის მიმართულებითაც”, – აცხადებს მარტა იმანეო.
