იტალია ლორის ინდუსტრიის დასაცავად გარეული ტახების წინააღმდეგ ჯარისკაცებს გამოყოფს

გავრცელებული ინფორმაციით, იტალია ქვეყნის მასშტაბით გარეულ ტახებზე სანადიროდ ჯარისკაცებს გამოყოფს, რათა ქვეყნის €8.2 მილიარდის ღირებულების პროშუტოსა და სოსისის ინდუსტრია “აფრიკული ღორის ჭირისგან” დაიცვას.
გეგმის მიხედვით, 177 ჯარისკაცი ერთი წლის ვადით იტალიის სხვადასხვა ნაწილში გაიგზავნება. ეს ქვეყნის პრემიერმინისტრის ჯორჯია მელონის 5-წლიანი კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრულია, რომ ქვეყანაში გარეული ტახის რაოდენობა 80%-ით უნდა შემცირდეს, რათა იტალიამ აფრიკულ ღორის ჭირთან გამკლავება შეძლოს.
გათვლების მიხედვით, ამჟამად იტალიაში გარეული ტახების რაოდენობა 1-დან 1.5 მილიონამდეა, რაც პრობლემებს უქმნის როგორც სასოფლო ტერიტორიებს, ასევე ქალაქების პერიფერიებს. მაგალითად, გათვლების მიხედვით, 2015-დან 2021 წლამდე გარეულმა ტახებმა ქვეყანას €120 მილიონის ღირებულების ზარალი მიაყენეს. თუმცა, ამ ცხოველებთან მიმართებით მთავარი პრობლემა აფრიკული ღორის ჭირია.
აფრიკული ღორის ჭირი მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ღორებში სიკვდილიანობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს და მაღალი გადადების მაჩვენებლით ხასიათდება, მათ შორის გარეულ ტახებშიც.
2023 წელს იტალიამ ჩრდილოეთ ლომბარდიის რეგიონში 34 000 შინაური ღორი მოკლა, რისი მიზანიც 1960-იანი წლების შემდეგ ღორის ჭირის დაავადების აფეთქების ყველაზე ცუდ შემთხვევასთან გამკლავება იყო.
თავის მხრივ, ღორის ჭირი ადამიანზე გადამდები არ არის, თუმცა ღორებში მაღალი ტრანსმისიურებით გამოირჩევა და შეუძლია, ცხოველებში, ინფიცირებულ ხორცში, ასევე ტანსაცმელზე, მანქანის ბორბლებსა და ფეხსაცმელზე დიდი ხნის განმავლობაში იარსებოს.
იტალიაში ღორის ხორცის ინდუსტრია ყოველწლიურად €8.2 მილიარდს გამოიმუშავებს და ქვეყანაში შინაური ღორების რაოდენობა დაახლოებით 8.7 მილიონია. ამასთანავე, ინდუსტრიაში თითქმის 50 000-მდე ადამიანია დასაქმებული.