ის ხალხი, რომელიც თავს ოპოზიციად ასაღებს, რეალურად, აგენტურული ქსელია, ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ოპოზიცია და ეს ვიქნებით ჩვენ – „ხალხის ძალა“
„ვფიქრობთ, რომ დადგა ის დრო, როცა ქვეყანას უნდა ჰყავდეს რეალური ოპოზიცია და ის პატარ-პატარა უთანხმოება თუ აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხება, არ უნდა დარჩეს კულისებში, უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე და ამის შესახებ საზოგადოებამაც უნდა იცოდეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ხალხი, რომელიც თავს ოპოზიციად ასაღებს, რეალურად, აგენტურული ქსელია, ამიტომ, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ოპოზიცია და ეს იქნება – „ხალხის ძალა“.
„სახელმწიფოებრიობის შენების პროცესი მიმდინარეობს. სხვადასხვა რეიტინგის მიხევდით საქართველო ნამდვილად ჭეშმარიტად ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოა. ერთადერთი, რაც ამ წლების განმავლობაში გვაკლდა, ეს იყო ოპოზიცია. „ქართული ოცნებისა“ თუ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ხშირად მივუთითებდით იმაზე, რომ ქვეყანას ოპოზიცია არ ჰყავს. ის ხალხი, რომელიც თავს ოპოზიციად ასაღებს, რეალურად, აგენტურული ქსელია – ისინი პირდაპირ გარე ძალების დაკვეთას ასრულებენ. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ოპოზიცია და ეს ოპოზიცია ვიქნებით ჩვენ – „ხალხის ძალა“.
ისიც გახსოვთ, რომ იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ომში ჩართვის საფრთხის წინაშე იდგა და ამ მხრივ დიდი ზეწოლა მიმდინარეობდა ჩვენს ხელისუფლებაზე, გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის მოსახლეობისთვის სიმართლის თქმა იქნებოდა ერთადერთი გამოსავალი. ამასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო და სწორედ ამიტომ განვცალკევდით „ქართული ოცნებისგან“. ამ სტრატეგიამ გაამართლა – სიმართლით შეიარაღებული ხალხი აკეთებს სწორ არჩევანს და სწორ მხარეს დგას. ახლაც, ვფიქრობთ, რომ დადგა ის დრო, როცა ქვეყანას უნდა ჰყავდეს რეალური ოპოზიცია და ის პატარ-პატარა უთანხმოება თუ აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხება, არ უნდა დარჩეს კულისებში, უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე და ამის შესახებ საზოგადოებამაც უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში, პირველ რიგში ვაყენებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ქართველი ხალხის ნებას. ეს არის ჩვენი უპირველესი ამოცანა და სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ვიმოქმედებთ შემდეგშიც“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.