„ის, რომ ხატიდან სტალინის წაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ეკლესიის თვითგადარჩენის ჯანსაღი ინსტიქტია“

თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, „მატრონა მოსკოველისა და სტალინის ხატის“ გარშემო ერთკვირიანი დაპირისპირება დროებით ჩაცხრა. საპატრიარქომ ხატიდან საბჭოთა ტირანის გამოსახულების წაშლის გადაწყვეტილება მიიღო, ამასთან, რუსი წმინდანი სამებაში მაინც დარჩება.
რატომ არის ამ დრომდე პოპულარული საბჭოთა ბელადი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში? იმ ეკლესიაში, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის გამო, სახელმწიფოსგან კომპენსაციას იღებს?!
ის, რომ ჩვენს ეკლესიას იყენებს თავისი “რბილი ძალის” გასააქტიურებლად და გამოსაყენებლად. ამაში ეჭვი, მგონი არავის აღარ ეპარება ეჭვი… ამას თავად ეკლესიაც არ უარყოფს
როგორ იყენებს რუსეთი ისევ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დეზინფორმაციის და ნარატივების გასავრცელებლად და რატომ დაიხია უკან საპატრიარქომ?
ამ თემებზე, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე, გერმანიაში მოღვაწე თეოლოგიის დოქტორს მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა:
შეიძლება იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც თბილისში, „მატრონა-სტალინის ხატის” გამო განვითარდა, ისევ ცალსახად ითქვას, რომ რუსეთი ჩვენს ეკლესიას, ზოგადად, მართლმადიდებლურ რელიგიას, კვლავ აქტიურად იყენებს საქართველოში, რუსული ნარატივების, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რუსული „რბილი ძალის“ გასაძლიერებლად?
დიახ. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოში საკუთარი პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად ბევრ ფაქტორს იყენებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა – რელიგიურ კავშირებს. მართლმადიდებელი ეკლესიები სადაც არის, იქ ცდილობენ ჰყავდეთ, მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა, მთელი ლიგა.
საქართველოშიც ეს (კავშირები) უკვე წლების განმავლობაში არის ძალიან ინტენსიურად ათვისებული და გამოყენებული. ეს დაიწყო საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ, გამოიარა აქტიური ფაზები და ეს გამოყენება დღესაც, საკმაოდ, პროაქტიურ ფაზაში იმყოფება.
ის, რომ რუსეთი ჩვენს ეკლესიას იყენებს თავისი “რბილი ძალის” გასააქტიურებლად და გამოსაყენებლად, ამაში მგონი, არავის არ ეპარება ეჭვი…არის ვინმე, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება? ამას, თავად ეკლესიაც არ უარყოფს.
მთელი ჩვენი საეკლესიო ლიტერატურა, საეკლესიო ცნობიერება არის დამყარებული, ერთგვარი ტიპის იზოლაციონიზმზე. ეს იზოლაციონიზმი ეფუძნება იმას, რომ „მთელ სამყაროში არის დარჩენილი, მხოლოდ რამოდენიმე, დამოუკიდებელი, მართლმადიდებელი ეკლესია“. ეს არის – “საქართველოს ეკლესია, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და ათონის მთა”.
სხვა ეკლესიებზე თქვენ ინფორმაციას, საქართველოს ეკლესიის მიერ გამოშვებულ ლიტერატურაში თუ სხვადასხვა მასალებში, ქადაგებების შესწავლისას, ვერ იპოვნით. ანუ გეოგრაფიული არეალიც კი მხოლოდ აი, ამ სამი კომპონენტით არის შემოსაზღვრული. მთელი თხრობა მხოლოდ აი, ამ სამი სივრცის ირგვლივ ტრიალებს.
„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ რომ შებრძანდა ეს ხატი, ეს შემთხვევითობად არანაირად არ მიმაჩნია. ეს იყო კარგად მოფიქრებული, რაციონალურად გათვლილი სქემა
შესაბამისად, შეუძლებელია დამთხვევად მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ეს ხატი სამების კათედრალში, ღიად პრორუსული პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს შეუწირიათ…
„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ რომ შებრძანდა ეს ხატი, ეს შემთხვევითობად არანაირად არ მიმაჩნია. პირიქით, ეს იყო კარგად მოფიქრებული, რაციონალურად გათვლილი სქემა.
იმიტომ რომ თვითონ „პატრიოტთა ალიანსი“ რას არის მოჭიდებული? მოჭიდებულია საბჭოთა ნოსტალგიას. მათი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი არიან ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირი ენატრებათ. შესაბამისად, ისინი იყენებენ ამას და ცდილობენ, ეს მონატრება საკრალური თხრობებით ჩაანაცვლონ.
სხვა პრორუსებიც იგივეს აკეთებენ: კომუნისტები, სტალინისტები გორში, სტალინის ყოველ დაბადების დღეზე მიდიან და კათედრალში რომელიმე მღვდელს პანაშვიდს ახდევინებენ.
იგივე პლატფორმაზე ზის, „ალტ ინფოც“, გვახსოვს როგორ გადაიღეს მოსკოვში, სტალინის საფლავთან ფოტოები და ამტკიცებენ, რომ თითქოს სტალინური რეპრესიების მიუღებელ დასჯის ფორმებს არ იყენებდნენ. სტალინის რეაბილიტაცია პრორუსების ძირითადი და გენერალური ხაზია.
„პატრიოტთა ალიანსი“ პირველად არ იყენებს ხატს პოლიტიკური მიზნებით. 2020 წელს, მათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორში, უპრობლემოდ ჩაიტანეს ხატი, რომელიც შემდეგ აფხაზებმა უკან დააბრუნეს. ეს შეუძლებელია, რუსეთის მხარდაჭერის გარეშე მომხდარიყო. აქედანაც ჩანს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები რელიგიას აქტიურად იყენებენ…
რა თქმა უნდა, თქვენ საინტერესო თემას შეეხეთ – რელიგიის გამოყენება პოლიტიკაში. ანუ, იგივე სტალინის საკრალიზების ერთადერთი საფუძველი, გინდ რუსეთში და გინდ საქართველოში არის ის, რომ სტალინის პერიოდში მოხდა, რელიგიის უკუ შემობრუნება, როგორც პოლიტიკური რესურსისა.
სტალინმა 1943 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ომში, სადაც ყველაფერი უნდა განიხილებოდეს რესურსად, არ იქნებოდა უინტერესო – რელიგიის გამოყენება. აქედან მოდის ეს მითები, რომ თითქოს, დესპორტი სტალინი „მორწმუნე“, „მართლმადიდებელი“ იყო
ისტორიულად არის რამდენიმე წარმოდგენა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინს ეს ურჩიეს დიდმა ბრიტანელებმა, კონკრეტულად, კენტერბერიის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა ჰიულეტ ჯონსონმა;
არის მოსაზრება, რომ თავად NKVD-მ (სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) და სხვა საბჭოთა სამსახურებმა დაიწყეს ანალიზი, თუ რატომ უჭერდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხი მხარს გერმანელებს და ერთ-ერთი ფაქტორი ნახეს, რომ ფაშისტები აღებდნენ და ხსნიდნენ დახურულ ტაძრებს, ანუ რელიგიურობის აღდგენას იწყებდნენ, სადაც კი შევიდოდნენ. თავის მხრივ, ნაცისტურ გერმანიასაც პოლიტიკური გათვლა ჰქონდა.
სტალინმა 1943 წელს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ომში, სადაც ყველაფერი არის და უნდა განიხილებოდეს რესურსად, არ იქნებოდა უინტერესო – რელიგიის გამოყენება. მით უმეტეს, რომ მოკავშირეებს – -ს და დიდ ბრიტანეთსაც არ სურდათ ათეისტური საბჭოთა კავშირის დახმარება.
შესაბამისად, ომში გასამარჯვებლად, სტალინმა „შეარბილა“ აღვირახსნილი ანტირელიგიური პოლიტიკა და პირიქით, გამოიყენა რელიგია. აქედან მოდის ეს მითები, რომ თითქოს, დესპოტი სტალინი „მორწმუნე“ „მართლმადიდებელი“ იყო.
ეს არის ის ტრადიცია, რომელსაც დღეს თანამედროვე რუსეთის სპეცსამსახურები განაგრძობენ. ისინი რელიგიის ფაქტორს იყენებენ ყველგან, მათ შორის სთან ომში. იქ უფრო უარესად არის ეს მდგომარეობა. უკრაინაში, სტრუქტურირებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც აქვთ. იგივე ხდება, საქართველოშიც, დიდი ხანია.
ტექნიკურად, ეს კეთდება „პატრიოტთა ალიანსის“, “ალტ ინფოს”, სხვა მსგავსი ჯგუფების, კონკრეტული საერო თუ საეკლესიო პერსონების მეშვეობით, რომლებიც არც მალავენ რომ ღიად პრორუსები არიან. თქვენ, ალბათ, ღიად რო კითხოთ, თანამშრომლობენ თუ არა ისინი რუსეთის სპეცსამსახურებთან, შეიძლება ვიდეოკამერის წინ არ თქვან, მაგრამ პირად საუბარში არა მგონია დამალონ. პირიქით, ეს ეამაყებათ კიდეც.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?