სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:
გიორგი ბაჩიაშვილმა, ვიცი, რომ მოსამართლეებს და პროკურორებს, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა დავალებებს, ჩემი თვალით მაქვს ნანახიო. ერთი ამბავია, ეს მაშინ როცა არ თქვა, როცა ნახა, რადგან მაშინ, როგორც ჩანს, არ იყო მისთვის ეს პრობლემა, მაგრამ, კარგი, როცა მის კეთილდღეობას მიადგა, მაშინ ამოიღო ხმა, ეგ გავიგე. მეორეა – ახლაც რომ არ ამბობს იმ პროკურორების და მოსამართლეების გვარებს, ან რა საქმეებზე იყო გარიგება, კონკრეტულ ქეისებს ახლაც რომ არ ასახელებს. არადა, ზღვარიაო, ბოლო ბრძოლააო, ქვეყანა იღუპებაო და კი, ეგრეცაა და ამაზე უკეთესი შანსი, დაეხმარო ქვეყანას და კონკრეტულ დანაშაულზე ისაუბრო, კიდევ როდის იქნება?
და გახარია?
წამოვიდა და მერე გახდა „იმედი“ ცუდი, ოცნება – ცუდი, ოცნების ლიდერები – მიუღებლები. ახლა მეტყვიან, ვიცი, იმიტომ წამოვიდა, ცუდი რომ დაინახაო. როგორ, შს მინისტრობიდან პრემიერობამდე რომ დააწინაურეს, მაშინ ვერაფერი დაინახა ცუდი? აბა, რატომღაა პოლიტიკაში? ქვეყანაში ამდენი უსამართლობა ბუდობდა, სამართალი ურმითაც არ დადიოდა და შს მინიტრი ჭურში თუ იჯდა და არაფერი იცოდა, რაღა უნდა პოლიტიკაში? მერე პრემიერი იყო და სულაც პირველი პირი და თუ არაფერი იცოდა, ესე იგი, სუსტი, ფორმალური პრემიერი ყოფილა და პატიოსანი ადამიანი, რა წამსაც მიხვდებოდა, რომ სახელად დასვეს სკამზე, იმწამსვე გამოეცლებოდა. ვერც მაგას თუ ვერ მიხვდა, ოპოზიცია რა, სკოლაა? საბავშვო ბაღია და გასაზრდელად მიებარა? „იმედი“ ასე ექცეოდა სხვა ოპო პოლიტიკოსებს მისი პრემიერობის დროსაც, თუმცა, რეაქცია არ ჰქონია. კარგი, დავუშვათ, აქაც, მას, გახარიას რომ შეეხნენ, მერე გადაწყვიტა განუდგეს და დღეს განაცხადა, მე წინა ხაზებში დავდგები და ბიძინას ფულს და ძალაუფლებას დავაკარგვინებო. აშშ–ის და ევრკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს თუ „ახევს“ ქუჩაში მდგომ ხალხს და იბრალებს, ეგ არ ვიცი და უჩქმიტოს მაინც ზოგჯერ ყოფილ უფროსს, პწკენა, პწკენაშიო, ხომ იცით ეგ გამოთქმა და უჩქმიტოს მაინც ზოგჯერ… ზღვა კოვზით დაილიაო და კოვზ–კოვზ მაინც გამოიტანოს თითო დანაშაულზე ინფო. ადრე იძახდა სახელმწიფო ჩამოიშლება და ვერ ვიტყვიო – ახლა ამბობს, სახელმწიფო ჩამოშლილია, მთავრობა არალეგიტიმურიაო და მაშ, როდის ილაპარაკებს? მეო, ვერ ვიჭორავებო, ჭორაობაა დანაშაულზე რომ გაქვს ინფორმაცია და არ ამბობ? აბა, არ გაქვს? აბა, გემუქრებიან? აბა, კომპრომატი აქვთ შენზე? გცემეს, ბიჭო, გაგიფინეს და მეტად როგორ უნდა შეგეხონ? უბინძურესად მოგექცნენ, როგორც კი წამოხვედი და უბინძურესი ამბები გაგივრცელეს ქოცი ჟურნალისტების ხელით და მეტად როგორ უნდა შეგეხონ? ოჯახზე გადაგიარეს და მეტად რაღა უნდა გაგიკეთონ?
რას ელოდები? რომ წავა, მერე მიადევნებ უკან? რომ წავა, მერე ისედაც გამოჩნდება, ახლა უნდა ამოიღო ხმა, თუ რამე იცი, ახლა, როცა ახალგაზრდებს დასდევენ ქუჩებში და სასტიკად ცემენ, შენი ცემა რომ მონაგონია, ისე, ახლა, როცა ამდენი ადამიანია დაკავებული, ახლა, როცა ამდენი წერს, რომ აქციების დარბევის მოწამვლამ კიდევ არ გაუარა. კი უშენოდაც გაიმარჯვებს ეს ხალხი, მაგრამ გაუადვილდება ერთი ნაბიჯით, მიუახლოვდება ერთი ნაბიჯით, რამდენიმე ათეული ადამიანით ნაკლები დაზარალდება…
და ვიმეორებ, თუ არ იცოდი არაფერი და არაფერი გაქვს სათქმელი, ან იმ სკამზე რა გაჩერებდა ასე უფუნქციოს და ან პოლიტიკაში რაღა გინდა? მე დავაკარგვინებ ბიძინას ფულს და ძალაუფლებასო რომ ამბობ, ეგ მაინც თქვი, რით და როგორ აპირებ მაგის გაკეთებას, თუ ცარიელი მუქარა არაა. და ბოლოს, კლუბებზე, 20 ივნისზე, ლაფანყურზე, პანკისზე, გარეჯზე რომ უნდა გქონდეს, წესით, მოსაყოლი, ეგ ვიცით, ბონუსად ვიტყვი, მიდი, ის ამბავი მოყევი, რატომ, როგორ, რის ფასად გაგაპრემიერა ბიძინამ, ერთი რევოლუცია და ერთი ბომბი მარტო ეგ ამბავი იქნება, ხომ იცი?!