ისტორიული დებატები კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის – მთავარი საკითხები და დებატების შეჯამება

ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატებს, დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, პირველი და დიდი ალბათობით, ბოლო საპრეზიდენტო დებატები შედგა.
ეს არ არის ამერიკის ისტორიაში პირველი დებატები, როდესაც მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობს, თუმცა ესაა პირველი დებატები, როდესაც საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობას ქალი ვიცე-პრეზიდენტი იღებს.
ეს 2024 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო პროცესში მეორე საპრეზიდენტო დებატებია. თუმცა, პირველი მოქმედ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შედგა. მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ივლისში საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობაზე უარი თქვა, არჩევნებში ჩაერთო.
90 წუთი 2 სარეკლამო ჭრით, 2 წუთი საპასუხოდ და 1 წუთი პასუხზე რეაგირებისთვის, კანდიდატებმა არ იცოდნენ კითხვები, რომლებზეც უნდა ეპასუხათ – ასეთი იყო დებატების წესები. აუდიტორიაში მაყურებლები არ ისხდნენ. დებატები ტელეკომპანია ABC-ის ეთერში გადაიცემოდა და ის დევიდ მუირს და ლინდსი დეივისს მიჰყავდათ.
დებატები კანდიდატებმა ხელის ჩამორთმევით დაიწყეს, შემდეგ კი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, რომელიც ამერიკელი ამომრჩევლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დებატების დროს, კამალა ჰარისი ხშირად იმეორებდა კამპანიის გზავნილს, რომ წარსულში დაბრუნება არ სურს, რომ დროა ქვეყანა წინ წავიდეს და რომ ქვეყანაში სიახლეების დროა.
კი ყველაზე ხშირად საიმიგრაციო საკითხებს უსვამდა ხაზს და საზღვრის უსაფრთხოებაზე საუბრობდა.
ეკონომიკა და საყოფაცხოვრებო ხარჯები
გამოკითხვების მიხედვით, ეკონომიკა და საყოფაცხოვრებო ხარჯები იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებს შორისაა, რომელიც ამერიკელ ამომრჩევლებს ყველაზე მეტად აწუხებთ.
კამალა ჰარისმა ხაზი გაუსვა თავის წარმომავლობას და იმას, რომ თავად საშუალო კლასის წარმომადგენლების ოჯახში გაიზარდა. შესაბამისად, მან აღნიშნა, რომ კარგად ესმის ამ ფენის გამოწვევები და აპირებს, სწორედ მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნოს.
პრეზიდენტმა ტრამპმა კი თქვა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის გაუარესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არალეგალური იმიგრაციაა, რომ უკანონო იმიგრანტები ამერიკის ეკონომიკას ძირს უთხრიან, სამუშაოს ართმევენ რიგით ამერიკელებს და რომ ის სწორედ ამ საკითხის მოგვარებას აპირებს. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ გადასახადებს შეამცირებს.
აბორტის უფლება
აბორტის უფლება ბოლო პერიოდში ამერიკაში ერთ-ერთი მწვავე საკითხი გახდა. 2022 წელს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა „რო ვეიდის წინააღმდეგ“ – ისტორიული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკაში ქალებს აბორტის კონსტიტუციურ უფლებას აძლევდა. ამის შემდეგ, შტატებს მიეცა უფლება, თავად გადაწყვიტონ, დაუშვან თუ არა აბორტი.
ტრამპმა თქვა, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და რომ ექვსმა მოსამართლემ, რომელმაც ხმა დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, სწორი ნაბიჯი გადადგა. ექვსიდან სამი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში, მისი დანიშნულია.
ტრამპის თქმით, ის აბორტის ეროვნულ დონეზე აკრძალვის შემოღებას არ აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტი გახდება. მისი თქმით, ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან შტატები ამ საკითხს უკვე თავად აგვარებენ.
ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აბორტის უფლების მომხრეა. ის ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ არავინ უნდა ეუბნებოდეს ქალებს, თუ როგორ მოექცნენ საკუთარ სხეულს. მან რამდენიმე მძიმე მაგალითი მოიყვანა, როდესაც ქალებს, აბორტის აკრძალვის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, გაპრეზიდენტის შემთხვევაში, ის კვლავ აამოქმედებს უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებულ გადაწყვეტილებას.
უკანონო იმიგრაცია და საზღვრის დაცვა
იმიგრაციის და საზღვრის კვეთის თემაზე, დემოკრატები და რესპუბლიკელები უკვე დიდი ხანია ვერ თანხმდებიან.
კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამერიკის კონგრესში იყო წარდგენილი და რომელსაც საზღვრის არალეგალური კვეთის, მათ შორის, საზღვარზე ფენტანილის და იარაღის არალეგალური გადატანის საკითხი უნდა მოეგვარებინა, რესპუბლიკური პარტიის წევრების ნაწილმა დაბლოკა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს დონალდ ტრამპის ჩარევით მოხდა. ამაზე დებატებზე თავად კამალა ჰარისმაც ისაუბრა.
ჰარისმა ტრამპი საზღვარზე არსებული მძიმე მდგომარეობის სათავისოდ გამოყენებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ამ კანონპროექტის დაბლოკვით, ტრამპი საკუთარ ამომრჩევლებთან ქულებს იწერს, მან პრობლემის მოგვარებას არჩია, ეს საკითხი საარჩევნო პლატფორმის ნაწილად ექცია.
ტრაპის თქმით კი, დემოკრატები კრიმინალებს და დამნაშავეებს ამერიკის საზღვრის კვეთის უფლებას აძლევენ და ეს ქვეყანას ვნებს. ტრამპი დებატების დროს, ასევე ამტკიცებდა, რომ მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში დამნაშავეობის დონე დაბლა იწევს, ამერიკაში პირიქით, მატულობს. თუმცა, მოდერატორმა იქვე შენიშნა, რომ ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს მონაცემებით, ეს ინფორმაცია სწორი არაა და ამერიკაში კრიმინალის დონე კლებულობს.
საიმიგრაციო საკითხებზე საუბრისას, კამალა ჰარისმა ტრამპს მოუწოდა, არ ესაუბრა იმიგრანტების სავარაუდო კრიმინალურ საქმეებზე, როდესაც, მას თავად აქვს რამდენიმე ათეული ბრალი წაყენებული.
ტრამპი მის წინააღმდეგ წარმოებულ და დაწყებულ სასამართლო საქმეებსა და განხილვებს ძალაუფლების იარაღად გამოყენებას უწოდებს. მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს ტრამპი “კუდიანებზე ნადირობად” თვლის და ამბობს, რომ ს ადმინისტრაცია სასამართლოს თავისი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს.
კაპიტოლიუმზე თავდასხმა
ტრამპი უარყოფს თავის ჩართულობას 2021 წლის 6 იანვარს, ვაშინგტონში, მის მომხრეთა კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეში. მის წინააღმდეგ ამის გამო სასამართლო საქმეც მიმდინარეობს. ტრამპმა დებატების დროს თქვა, რომ თავის სიტყვით გამოსვლაში, მოქალაქეებს მოუწოდა, „მშვიდობიანად და პატრიოტულად“ მოქცეულიყვნენ.
შეკითხვაზე, ნანობს თუ არა 6 იანვარს თავის საქციელს, ტრამპმა თქვა: „მე არაფერი გამიკეთებია“. მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოებაზე პასუხი კანონმდებელ ნენსი პელოსის და ვაშინგტონის მერს უნდა მოეთხოვოთ.
შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა, რომ მან გასული საპრეზიდენტო წააგო, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის დღემდე თვლის, რომ არჩევნები სწორად არ ჩატარდა.
ისრაელ- „ჰამასის“ ომი
„ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. მაგრამ როგორ გააკეთებს ამას, მნიშვნელობა აქვს“,- თქვა კამალა ჰარისმა. ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის და მოქმედი ადმინისტრაცია განაგრძობენ მუშაობას იმისთვის, რომ ომი დასრულდეს, რომ ორი სახელმწიფოს თანაცხოვრების გამოსავალი არსებობდეს.
ჰარისი ამბობს, რომ ისრაელს ყოველთვის მისცემს თავდაცვის საშუალებას, მაგრამ აუცილებელია ღაზის მოსახლეობის უფლებების დაცვა და ღაზის თავიდან აშენებაც.
„მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა“,- განაცხადა ტრამპმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ის არც ში ომს არ დაუშვებდა.
ტრამპი ამტკიცებდა, თითქოს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს სძულს და ამავდროულად არაბი მოსახლებაც, რასაც ჰარისმა ტრამპის მხრიდან ნათქვამი ტყუილი და სიმართლიდან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა.
რუსეთ-უკრაინის ომი
„მე ომის შეწყვეტა მინდა, სიცოცხლეების გადარჩენა“, – ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა შეკითხვას, სურს, თუ არა, რომ ომი უკრაინამ მოიგოს. ტრამპმა გაიმეორა თავისი ცნობილი ფრაზა იმასთან დაკავშირებით, რომ ომის დასრულება შეუძლია, რომ კარგად იცნობს, როგორც ვლადიმირ პუტინს, ისე ს და რომ მას მოლაპარაკების შესაძლებლობა აქვს.
კამალა ჰარისმა კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ამერიკულ სამხედრო დახმარებას, რომელიც უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო და თქვა, რომ ომის დროს ამერიკის პრეზიდენტი რომ ტრამპი ყოფილიყო, პუტინი ახლა უკვე კიევში იჯდებოდა.
კანდიდატებმა ასევე ისაუბრეს ავღანეთის თემაზე, ქვეყნიდან ამერიკისა და ნატოს ჯარების გამოყვანაზე, ასევე რასობრივ პრობლემებზე, ჯანდაცვის საკითხებზე და კლიმატის ცვლილების თემაზე.
დებატები საპრეზიდენტო კანდიდატთა დასკვნითი მიმართვით დასრულდა, რომელშიც მათ საკუთარი საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილები გაიმეორეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გიორგი ისაკაძემ თავად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში – ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან, მედიიდან გვესაუბრება

ანალენა ბერბოკი – საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ – განვიხილავთ შემდგომ ზომებს – ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ