ისრაელის ქალაქ რაანანაში, რომელიც თელ-ავივიდან 19 კილომეტრზე მდებარეობს, გამვლელებზე თავდასხმა განახორციელეს. როგორც საგანგებო სამსახურები იტყობინებიან, თავდამსხმელმა პირველ მსხვერპლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით და ავტომობილი გაიტაცა, შემდეგ კი ის რამდენჯერმე დააჯახა ფეხით მოსიარულეებს. მეორე ვერსიით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ და მათ ორი სხვადასხვა თავდასხმა განახორციელეს.
ავტომობილის მფლობელი ქალი დაიღუპა. დაჭრილია მინიმუმ 17 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.
თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიცია იტყობინება, რომ ეს არის 44 წლის პალესტინელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ჰებრონის მცხოვრები, რომელიც არალეგალურად მუშაობდა ისრაელში. დაკავებულია ასევე მისი ნათესავი, რომელიც მის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი. უშიშროების სამსახურები არკვევენ, იყო თუ არა თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებული.
სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა არსებობდნენ სხვა თანამზრახველებიც. რაანანის მერმა განკარგულება გასცა, დაიხუროს სკოლები და მოსახლეობას მოუწოდა ბავშვები ქუჩაში არ გაუშვან, სანამ ვითარება გაირკვევა.