ისრაელმა და “ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტაზე, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელელ, არაბ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებში ჩართული პირველი პირი გახდა, ვინც საჯაროდ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე.
“ახლო აღმოსავლეთში მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება გვაქვს. ისინი მალე გათავისუფლდებიან. მადლობა!” – წერს ტრამპი.
ერთ-ერთი არაბი დიპლომატის ცნობით, აშშ, კატარი და ეგვიპტე შეთანხმების მიღწევის თაობაზე მალე გაავრცელებენ ერთობლივ განცხადებას. მოგვიანებით, კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი პრესკონფერენციას გამართავს დოჰაში, რომელზეც შეთანხმების დეტალებს გააჟღერებს.
მოგვიანებით, “ჰამასის” ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის წარმომადგენელმა, ბასემ ნაიმმა დაადასტურა ტერორისტულ დაჯგუფებასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების თაობაზე შეთანხმების მიღწევა.