ელის სამხედროებმა დაადასტურეს ადრე გაჩენილი ცნობები იმის შესახებ, რომ შაბათს ღამით ღაზის სექტორში განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად მოკლულია აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელი სალაჰ ალ-ბარდავილი.
ადრე ალ-ბარდავილისა და მისი მეუღლის სიკვდილის შესახებ იტყობინებოდნენ ჰამასის წარმომადგენლები.
ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობაში ნათქვამია, რომ ალ-ბარდავილი ხელმძღვანელობდა ჰამასის ქვედანაყოფს, რომელიც პასუხისმგებელი იყო სტრატეგიული სამხედრო დაგეგმვისთვის. ის იყო დაჯგუფების ხელმძღვანელი ორგანოს, პოლიტბიუროს წევრი.
ისრაელის ავიაციამ დარტყმები განახორციელა არა მხოლოდ სამხრეთზე, არამედ ღაზის სექტორის ჩრდილოეთშიც. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, განაცხადა, რომ ავიადარტყმებს 30-მდე პალესტინელი ემსხვერპლა.
სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასმა 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული თავდასხმა განახორციელა ისრაელზე, ამავე უწყების თანახმად, ღაზაში 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ. როგორც აცხადებენ, 113 ათასი ადამიანი დაიჭრა.
18 მარტს ისრაელმა თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებდა, კვლავ განაახლა ჰამასის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები და 7 ოქტომბერს ხელში ჩაგდებული მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
ამის შემდეგ ისრაელმა განაცხადა, რომ კვლავ იწყებს სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაციას. ღაზის მოსახლეობის ნაწილი კვლავ იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ჰამასმა ოცდაათზე მეტი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან გამოუშვეს ორი ათასამდე პალესტინელი პატიმარი.
ზავის პირველი ფაზა მარტის დამდეგს დასრულდა, დაზავების შემდეგი ფაზის, მძევლების გათავისუფლებისა და ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. არსებული მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში იმყოფება 58 მძევალი, რომელთა ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, მკვდარია.
ფორუმი
